ახალი ამბები

გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე მყოფი ერთი ჯგუფი მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობს

19 მაისი, 2021 • 3429
გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე მყოფი ერთი ჯგუფი მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობს

გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე მყოფი ერთ-ერთი ჯგუფის წევრები იქ არსებულ რთულ პირობებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შრომის პირობები, ანაზღაურება და საცხოვრებელი პირობები მძიმეა.

ერთ-ერთმა დასაქმებულმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ნაცვლად 8 საათისა დამსაქმებელი მხოლოდ 4 საათს ამუშავებდა და, შესაბამისად, ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ, დღეში დაახლოებით 20-25 ევროს. ამას გარდა, საცხოვრებელი პირობები იყო ძალიან მძიმე, არ ჰქონდათ შესაბამისი სამუშაო ეკიპირება და ა.შ. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამ ჯგუფიდან რამდენიმე პირმა დატოვა სამუშაო ადგილი.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ იციან ამ პრობლემის შესახებ და გერმანულ მხარესთან კომუნიკაციის შემდეგ მათი პირობები გამოსწორდა.

“გიდასტურებთ, რომ ერთი ჯგუფის წარმომადგენელთა მხრიდან იყო უკმაყოფილება დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო აღწერილობაში შეთავაზებული პირობების დარღვევის გამო. აღნიშნულის თაობაზე, ინფორმაციის მიღებისთანავე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხრიდან მოხდა პირველი კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან. თავის მხრივ, გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტომ პროცესში ჩართო სხვა შესაბამისი უწყებებიც, რომლებიც დაინტერესდნენ ამ თემით და რასაც დასჭირდა რამდენიმე დღე. დღეის მდგომარეობით ქართულმა მხარემ უკვე მიიღო ინფორმაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსგან, რომ ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის, რაც ცხადია. არის ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგი. რაც მთავარია, გერმანიასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებიდან და სამუშაო შეთავაზების პირობებიდან გამომდინარე დამსაქმებელი დათანხმდა მხოლოდ საქართველოდან ჩასული სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულებს გადაუხადოს საათობრივი ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მიცემული პირობა არ იქნება დაკმაყოფილებული, ქართული მხარე მოითხოვს ამ კონკრეტული ჯგუფის წევრების გადანაწილებას სხვა დამსაქმებლებთან”, – აცხადებენ სააგენტოში.

გუშინ, 18 მაისს, საღამოს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მოგვწერა, რომ “ჩვენთან მიმართებაში ყველაფერი კარგად, გამოსწორების პირას არის”.

გერმანიაში ამჟამად 4 ჯგუფი მუშაობს, სულ- 54 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი