ახალი ამბები

რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია — სერგეენკო “პრაიდზე”

18 ივნისი, 2021 •
რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია — სერგეენკო “პრაიდზე”

“თვითონ უმცირესობამაც რაღაც ზომიერება უნდა გამოიჩინოს”, — ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტების კითხვებს “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით. მედია დაინტერესდა, რას ფიქრობს სერგეენკო “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ორგანიზატორებს “უარი უნდა ეთქვათ” ხსენებული ღონისძიების ჩატარებაზე.

კითხვას, არის თუ არა მსგავსი განცხადებები უმცირესობების უფლებების დარღვევა და ახალისებს თუ არა ხელისუფლება ძალადობას, სერგეენკომ უპასუხა:

“რთული სათქმელია. უფლებების შეზღუდვა, არ მგონია, იყოს. არავინ უშლით იმის გაკეთებას, რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი.

რაც შეეხება უფრო ხმამაღლა გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინცდამაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ. არავინ არ უშლის არაფერში ხელს, უბრალოდ, რაღაც უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ჯობია…”

სერგეენკოს თქმით, არ აქვს “ცალსახა პასუხი” კითხვაზე, უნდა ჩატარდეს თუ არა ხსენებული ღონისძიება, ვინაიდან ზუსტად არ იცის, რას წარმოადგენს პრაიდი.

“პრაიდი რომ მკითხოთ, ვერც კი განგიმარტავთ, რა არის ეს პრაიდი: ფლეშმობია, დემონსტრაციაა… არ ვიცი უბრალოდ და კი ან არას დიხოტომია არ მაქვს”.

“გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით. რაც შეეხება გამოხატვას, გამოხატვის ფორმა შეიძლება იყოს ძალიან ფართო სპექტრში. ყველასთვის, უმცირესობისთვისაც და უმრავლესობისთვისაც, ზომიერება და სხვისი აზრის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია”, — თქვა მან.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ არის მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი განცხადებები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვების მცდელობა.

“ეკლესიას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მმართველმა გუნდმა, ოპოზიციამ ან ვინმემ სხვა დაჩაგროს იმის გულისთვის, რომ სხვისი [კეთილგანწყობა] დაიმსახუროს. უბრალოდ, თვითონ უმცირესობამაც რაღაც ზომიერება უნდა გამოიჩინოს”.

“ჩემი მოქალაქეობრივი მოწოდება არის ყველასთვის ზომიერების გამოჩენა… მე საკმაო გამოცდილება მაქვს ცხოვრებაშიც, ჩემს პროფესიაშიც, იმისთვის, რომ რაღაცებზე დაფუძნებით ვისაუბრო.

თუ გინდათ, ჩამეძიოთ, რაზე დაფუძნებით ამბობთ ამას, შემიძლია, პასუხი გაგცეთ ან არც გაგცეთ, იმიტომ, რომ გეუბნებით, რომ ზომიერება არის კარგი. რატომ ვთვლი ამას? ჩემხელები რომ მოიყრებით, მიხვდებით”, — უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა მედიას.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 17 ივნისს “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ მისი აზრით, ორგანიზატორებს “უარი უნდა ეთქვათ” „თბილისის პრაიდის“ ჩატარებაზე.

„მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა იგულისხმება სრულ კონტექსტში, განაცხადა:

„მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით განმსჭვალული გადაწყვეტილება… ეს კონტექსტი ძალიან კომპლექსურია და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ“. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სრულ კონტექსტში.

ორი დღით ადრე, 15 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მოუწოდა, „მოეშვან თამაშებს და გააკეთონ მკაფიო არჩევანი, დადგნენ საზოგადოებრივი მორალისა და ტრადიციების გვერდზე, გააუქმონ ეს დაანონსებული პრაიდი“.

პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა არაერთ ქვეყანაში ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით. უკვე წლებია, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად ვერ ახერხებენ პრაიდის ჩატარებას სხვადასხვა მოძალადე ჯგუფის მხრიდან ძალადობის გამო.

„სირცხვილია კონსტიტუციის ასეთი ფეხქვეშ გათელვა“, – ასე გამოეხმაურა „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი