ახალი ამბები

არ წავალ პოლიტიკაში – ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო საკითხებზე NGO-ს დააფუძნებს

18 ივნისი, 2021 •
არ წავალ პოლიტიკაში – ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო საკითხებზე NGO-ს დააფუძნებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს, რომელიც სასამართლო სისტემის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია, დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ის სასამართლო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებს.

“ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ფუნდამენტური მუშაობა. ვაპირებ, დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ სასამართლოს თემაზე იმუშავებს. ახალი მიდგომებით, განსხვავებული მეთოდებით და განსხვავებული რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან მუშაობას”,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა 18 ივნისს გამართულ შემაჯამებელ ბრიფინგზე.

ჯანეზაშვილის თქმით, ის აპირებს საზოგადოებასთან მჭიდროდ და არა მხოლოდ სტანდარტული ფორმებით მუშაობას და თანამშრომლობას.

ჯანეზაშვილის თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები აქვს გუნდის დაკომპლექტებაზე.

“მოლაპარაკება მაქვს ძალიან ბევრ ღირსეულ, კვალიფიციურ ადამიანთან და, დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი იქნება დაინტერესებული, ერთობლივი ძალებით გავაკეთოთ ძალიან კარგი საქმე”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილმა 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მედიას.

“მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი პარტნიორი იყო მედია და საზოგადოება, ამიტომ მინდა, მედიას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რომ არა თქვენ, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები არ გასაჯაროვდებოდა”, – მიმართა ჯანეზაშვილმა მედიას.

“მე, როგორც მოსამართლე, და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება”, — ეს კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა, რომელსაც ასევე ამოეწურა უფლებამოსილების ვადა.

ივნისის ბოლოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 4 არამოსამართლე წევრს — ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავასა და ნაზი ჯანეზაშვილს — უფლებამოსილების ვადა ეწურება. კიდევ ერთ არამოსამართლე წევრ შოთა ქადაგიძეს ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა. შესაბამისად, პარლამენტს 15 წევრისგან დაკომპლექტებულ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრი ჰყავს დასანიშნი. არამოსამართლე წევრების გარდა, ივნისის ბოლოს ვადა ეწურებათ საბჭოს მოსამართლე წევრებს: დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი ბონდარენკოს, ვასილ მშვენიერაძესა და ირაკლი შენგელიას. მათი შემცვლელები მოსამართლეთა კონფერენციამ უკვე აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი