ახალი ამბები

მე რომ არ მშია, მიშამ ძალიან კარგად იცის – ვაშაძე სააკაშვილს

17 ივნისი, 2021 • 1617
მე რომ არ მშია, მიშამ ძალიან კარგად იცის – ვაშაძე სააკაშვილს

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ ვაშაძეს “შია” და მას ამიტომ ლანძღავს.

ვაშაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ასეთ “იაფფასიან ტერმინოლოგიას” იყენებს. როგორც ვაშაძე ამბობს, სააკაშვილმა იცის, რომ მას არ “შია”.

“ხალხს შია საქართველოში, საქართველოს შია. საქართველო კარგავს პერსპექტივას მიშას და ბიძინას ბრძოლის გამო. ეს არის ის ორპოლუსიანობა, რომელიც გვართმევს ჩვენ განვითარების პერსპექტივას. მე ვემსახურები საქართველოს იდეას, ეს ადამიანები მხოლოდ თავის პერსონალურ იდეებს ემსახურებიან. ამაშია ჩემსა და მიშას შორის სხვაობა და ამაში ვერ გავასწორე ვერაფრით მიხეილ სააკაშვილი. შია ხალხს, ვალი აქვს სახელმწიფოს, ამაზე უნდა გავცეთ ჩვენ პასუხი. მე რომ არ მშია და მე რომ ამისთვის არ ვაკეთებ, ეს ძალიან კარგად იცის მიშამაც და ძალიან კარგად იცის მისმა ყველა თანაგუნდელმა, ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ვაშაძეს ცხოვრებაში ვერავინ ფულით ვერასდროს ვერ იყიდის, მათ შორის, ვერც მიშა სააკაშვილი”, – განაცხადა ვაშაძემ.

მიხეილ სააკაშვილი “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს მისი გაკრიტიკების გამო პასუხობს და ამბობს, რომ ვაშაძისთვის მისი ლანძღვა “ფულის კეთების ყველაზე ადვილი მეთოდია”.

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს. რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? — სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერჯერობით, ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორემ მერე გაჭირდება ეგ ამბავი”, — წერს სააკაშვილი.

გუშინ, 16 ივნისს, გიორგი ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების პერსპექტივა არ აქვს, რადგან სააკაშვილს, “რომელიც საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს”, არ უნდა, ლიდერობის შესაძლებლობა დაინახოს.

“ეს თავის დროზე ვცადე მეც, სცადეს სხვებმაც. ვფიქრობ, ჩემს პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე დიდი დრო, რაც გავაცდინე, ეს იყო 2018-2020 წლები, როცა მეგონა, რომ მას შევცვლიდი. მისი გასწორება არ იქნება. ვწუხვარ, მინდოდა, რომ სხვანაირი ყოფილიყო მისი როლი, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ეს”, — განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი