ახალი ამბები

რეჟისორმა ბერლინალეზე მიღებული ჯილდო რიონის ხეობის მოძრაობას მიუძღვნა

17 ივნისი, 2021 • 1344
რეჟისორმა ბერლინალეზე მიღებული ჯილდო რიონის ხეობის მოძრაობას მიუძღვნა

კინორეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ ბერლინალეზე მიღებული ჯილდო მიუძღვნა რიონის ხეობის მოძრაობას, რომელიც უკვე 233-ე დღეა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს მართავს.

საუბარია ფილმზე “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?”, რომელიც ბერლინალეს მთავარ საკონკურსო კატეგორიაშია და ფიპრესის [კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის] ჯილდო მიიღო.

“უპირობო თანადგომის და განუზომელი მადლობის ნიშნად მინდა ეს ჯილდო რიონის ხეობის უდრეკ მცველებს მივუძღვნა, რომლებიც უკვე 233 დღე და ღამე რიონის ხეობას და სიმართლეს იცავენ”, – განაცხადა რეჟისორმა პრიზის გადაცემისას.


“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” პირველი ფილმია, რომელიც 1993 წლის შემდეგ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო კატეგორიაში მოხვდა.

1993 წელს თემურ ბაბლუანის ფილმს “უძინართა მზე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ვერცხლის დათვი” გადაეცა და მას შემდეგ ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი არ შერჩეულა.

“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მასში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

როგორც კინოსურათის სინოფსისში ვკითხულობთ, ფილმში მოქმედება ქუთაისში ვითარდება. ლიზას და გიორგის ერთმანეთი ერთი ნახვით უყვარდებათ და შეხვედრაზე თანხმდებიან, თუმცა მეორე დღეს განსხვავებული გარეგნობით გაიღვიძებენ და ერთმანეთს ვერ პოულობენ. რეჟისორის თქმით, ფილმში აღმოჩნდება, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ჯადოს წინააღმდეგ უძლურია.

ასევე, ბერლინალეს წლევანდელ ფესტივავალზე წარმოდგენილი იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება”. ბერლინში ფილმს  უჩვენეს სექციაში “ფორუმი”. ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი