ნეტგაზეთი | სტრატეგიული სტაბილურობა: აშშ-რუსეთის ერთობლივი განცხადება პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ სტრატეგიული სტაბილურობა: აშშ-რუსეთის ერთობლივი განცხადება პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ – Netgazeti
RU | GE  

სტრატეგიული სტაბილურობა: აშშ-რუსეთის ერთობლივი განცხადება პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, აშშ და რუსეთი სტრატეგიულ სტაბილურობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მხარეები საერთო მიზნებზე საუბრობენ და იარაღის, მათ შორის, ბირთვული იარაღის კონტროლის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

”ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღვნიშნეთ… შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა აჩვენეს, რომ დაძაბულობის დროსაც კი მათ შეუძლიათ პროგრესის მიღწევა ჩვენს საერთო მიზნებში, [რაც მოიცავს] სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობის უზრუნველყოფას, შეიარაღებული კონფლიქტების რისკისა და ბირთვული ომის საშიშროების შემცირებას”, — აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ და რუსეთი დასძენენ, რომ ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ 2010 წელს დადებული “New START-ის შეთანხმების ბოლოდროინდელი გაფართოება” მიუთითებს ორი ქვეყნის “ერთგულებაზე ბირთვული იარაღის კონტროლისადმი”.

“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ის არასდროს უნდა მოხდეს.

ამ მიზნების შესაბამისად, უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და რუსეთი დაიწყებენ სტრატეგიული სტაბილურობის ორმხრივ დიალოგს, რომელიც იქნება გააზრებული და მტკიცე.

ამ დიალოგის მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ საფუძველი იარაღის კონტროლისა და რისკის შემცირების სამომავლო ღონისძიებებისთვის”, — ნათქვამია განცხადებაში.

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტებმა?

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდნენ. საჯარო განცხადებების თანახმად, საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე რუსეთში და სხვა საკითხებზე.

პუტინმა გამორიცხა რუსეთის პასუხისმგებლობა აშშ-ის მისამართით განხორციელებულ კიბერშეტევებზე და თქვა, რომ რუსეთში მომხდარი მსგავსი შეტევების უმეტესობა, ხშირ შემთხვევაში, აშშ-დან იღებს სათავეს.

მეორე მხრივ, პუტინმა თქვა, რომ აშშ და რუსეთი კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას აპირებენ. მისი განცხადებით, “ორივე მხარემ უნდა აიღოს გარკვეული ვალდებულებები”.

თავის მხრივ, კიბერშეტევებსა და სხვა სახის თავდასხმებზე საუბრისას, ბაიდენმა  კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, წყლის ან ენერგიის ხელშეუხებლობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ადამიანის უფლებების საკითხს აშშ ყოველთვის დააყენებს დღის წესრიგში. აღნიშნულზე საუბრისას პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთს არ სურს არეულობა საკუთარ ტერიტორიაზე, შედარებისთვის კი კაპიტოლიუმის შეტაკებები და მოძრაობა “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” მოიყვანა. ბაიდენმა “სასაცილო” უწოდა აღნიშნულ შედარებას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის ტონი “პოზიტიური” იყო. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა “პროდუქტიულად და კონსტრუქციულად” შეაფასა. მისივე განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ისა და რუსეთის ელჩები, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

ჯო ბაიდენის სიტყვებით, ორი ლიდერი “იზიარებს უნიკალურ პასუხისმგებლობას, წარმართოს ურთიერთობა ორ ძლიერ და ამაყ ქვეყანას შორის; ურთიერთობა, რომელიც იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი”.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს უთხრა, რომ მისი დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ის არის ამერიკელი ხალხისთვის.

პუტინს ვუთხარი, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის წინააღმდეგ, ის არის ამერიკელი ხალხისთვის — ბაიდენი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან