ახალი ამბები

პუტინის თქმით, ნავალნი რუსეთში განგებ დაბრუნდა, რათა დაეკავებინათ

16 ივნისი, 2021 • 1549
პუტინის თქმით, ნავალნი რუსეთში განგებ დაბრუნდა, რათა დაეკავებინათ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში იმიტომ დაბრუნდა, რომ დაეკავებინათ. აღნიშნულის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პუტინმა გაიმეორა რუსეთის გამოძიების ოფიციალური ვერსია, რომლის თანახმადაც მოწამლულმა და უგონო მდგომარეობაში მყოფმა ნავალნიმ პირობითი მსჯავრის კანონი დაარღვია, როცა გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრა შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე.

“ამ კაცმა იცოდა, რომ რუსეთის კანონს არღვევდა. ის ორჯერ არის ნასამართლევი”, — განაცხადა პუტინმა ისე, რომ ნავალნის სახელი არც ერთხელ უხსენებია.

“ეს ბატონი საზღვარგარეთ გაემგზავრა სამკურნალოდ. საავადმყოფოში მისვლისთანავე მან აჩვენა თავისი ვიდეოები ინტერნეტში… მას სურდა, შეგნებულად დაერღვია კანონი. ზუსტად იცოდა, რისი გაკეთება სურდა. ასე რომ, რა სახის დისკუსია უნდა გვქონოდა [მის შესახებ]?” — აღნიშნა პუტინმა CNN-ის კითხვის პასუხად.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ჯო ბაიდენმაც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინთან შეხვედრისას ცხადად აღნიშნა მისი მოსაზრება, რომ თუ ნავალნი ციხეში დაიღუპება, ამას “შედეგები რუსეთისთვის სავალალო იქნება”.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ნავალნი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, აღნიშნულის მიზეზად კი ასახელებდა ციხის ადმინისტრაციის უარს სათანადო სამედიცინო დახმარებაზე. პოლიტიკოსის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, ადვოკატების თქმით კი მას ძილის საშუალებას არ აძლევენ, რაც წამებას უტოლდება.

ალექსეი ნავალნი გასული წლის 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ წევრები თავიდანვე ეჭვობდნენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. მოგვიანებით, ნავალნის მოწამვლის ფაქტი დაადასტურეს გერმანიაში, სადაც ის სამკურნალოდ გადაიყვანეს.

ამ პერიოდში მის წინააღმდეგ საქმე უკვე იყო აღძრული. გამოცხადებული იყო ძებნაც. მიუხედავად დაპატიმრების საფრთხისა, მკურნალობის შემდეგ ნავალნი გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა. ის მოსკოვის აეროპორტშივე დააკავეს. მოგვიანებით პოლიტიკოსს პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთის გამოძიება ნავალნის თავისივე ორგანიზაციისთვის შემოწირული თანხების პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ედავება. ნავალნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონს სჯერა, რომ ზემოხსენებული მოწამვლის უკან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები დგანან.

მიმდინარე თვეში რუსეთში სასამართლომ ნავალნის ორგანიზაციები “ექსტრემისტულად” გამოაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივნისს, ჟენევაში შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე საერთაშორისო მედია იუწყებოდა, რომ ორი ქვეყნის პირველ პირებს უკრაინის საკითხი უნდა განეხილათ.

ამასთან, ვაშინგტონი აცხადებდა,  რომ ბაიდენი პუტინთან საუბრისას რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხის დაყენებასაც გეგმავდა. ამ კონტექსტში ნახსენები იყო რუსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საქმეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი