ახალი ამბები

TI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია

16 ივნისი, 2021 • 869
TI: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი სუსტია. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ დღეს, 16 ივნისს, გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.

დოკუმენტში შეფასებულია 2019-2020 წლებში საპარლამენტო კონტროლის პრაქტიკა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს კანონი არ ანიჭებს უფლებამოსილებებს,  უსაფრთხოების სამსახურის მიმართ კონტროლის მიზნით სპეციალური მექანიზმები გამოყყენოს(მაგალითად, ზედამხედველობა ინფორმაციის მოპოვების ღონისძიებებზე, ფარულ ღონისძიებებზე, უსაფრთხოების სამსახურში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე და ა.შ.).

თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მნიშვნელოვანი მექანიზმია ნდობის ჯგუფის საქმიანობა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ნდობის ჯგუფს პარლამენტის რეგლამენტი ინფორმაციასთან წვდომის შეზღუდულ მანდატს ანიჭებს და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რეგლამენტით გაიზარდა ნდობის ჯგუფის კომპეტენცია, არ არის უზრუნველყოფილი ექსპერტთა ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის პროცესში, ნდობის ჯგუფთან არ არსებობს ექსპერტთა საბჭო, რომლის წევრებსაც ექნებოდათ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე და შეძლებდნენ კონტროლის განხორციელებას.

“აღსანიშნავია, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე, დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილში, უსაფრთხოების სისტემის ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, შეინიშნება ექსპერტთა საზედამხედველო ორგანოების ჩამოყალიბების ტენდენცია. ექსპერტთა საზედამხედველო ორგანოები დამოუკიდებელი ინსტიტუტებია, რომლებიც ექსკლუზიურად უსაფრთხოების სამსახურების ზედამხედველობის მიზნით იქმნება.

ამჟამად ექსპერტთა საბჭოები ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში ფუნქციონირებს. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია ექსპერტთა საზედამხედველო ორგანოების სტრუქტურა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ასეთ ორგანოებს ქმნის პარლამენტი და ისინი ანგარიშვალდებული არიან პარლამენტის შესაბამისი საზედამხედველო კომიტეტის წინაშე. ექსპერტთა საზედამხედველო ორგანოები საერთო სტანდარტის შესაბამისად ახორციელებენ უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის და პოლიტიკის კანონიერების, მათ შორის, მათი ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმებას”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კვლევაში ასევე საუბარია, რომ მიუხედავად ნდობის ჯგუფის მანდატის გაფართოებისა, კვლავ პრობლემად რჩება ნდობის ჯგუფის მიერ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმება, სწორედ იმ უწყების, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს და რომლის საქმიანობაც მჭიდრო კავშირშია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტის რეგლამენტი ნდობის ჯგუფს აძლევს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმების შეზღუდულ შესაძლებლობებს – სააგენტო ნდობის ჯგუფს წარუდგენს გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

“ნდობის ჯგუფი უფლებამოსილია, სააგენტო შეამოწმოს წელიწადში არაუმეტეს ორჯერ. ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოზე არ ვრცელდება კონტროლის სხვა მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობა, მაგალითად, როგორიცაა ნდობის ჯგუფის მიერ უფლებამოსილების შეუფერხებელი განხორციელებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციის გამოთხოვა სტრუქტურიდან”, – ნათქვამია კვლევაში.

TI აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო კონტროლი უნდა გაძლიერდეს და სუს-ის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი. საზედამხედველო საბჭოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის სპეციალიზებული კომიტეტის და საზედამხედველო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ  დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი