ახალი ამბები

გორთან ავარიის საქმეზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

15 ივნისი, 2021 • 2257
გორთან ავარიის საქმეზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გორთან მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სატვირთოს მძღოლს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უწყების განცხადებით, გორის რაიონულ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 29 ოქტომბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა სამოძრაო ზოლში, დასავლეთის მიმართულებით მოძრავმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა მ.ს-მ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა.

პროკურატურის თქმით, სატვირთოს მძღოლმა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ხელის შემშლელი გარემოებების გარეშე გადავიდა საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც შეეჯახა სარეზერვო ზოლში გაჩერებულ სამგზავრო მიკროავტობუსს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლი და მისი 5 მგზავრი დაიღუპა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო:

“სამართალდამცველებმა მ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ექვსი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

გორის რაიონულმა სასამართლომ მ.ს. სრულიად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, წარდგენილი ბრალდებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, მასვე სამი წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა” ,- აცხადებენ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი