ახალი ამბები

შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია — ხოჯევანიშვილი კობახიძის განცხადებებზე

15 ივნისი, 2021 •
შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია — ხოჯევანიშვილი კობახიძის განცხადებებზე

გიორგი გახარიას თანაგუნდელი, დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხრიდან გახარიას მისამართით გამოთქმული ბრალდებები “შეთქმულების” თეორიებია.

გუშინ, 14 ივნისს, ირაკლი კობახიძემ “მთავარ არხთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომ ის პრობლემები, რომლებიც მმართველ პარტიას დაუგროვდა, ძირითადად ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას უკავშირდება. მისივე თქმით, 20 ივნისის ოპერაცია იყო „აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გიორგი გახარიას მიერ“. ინტერვიუს მიმდინარეობისას კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა, რომ არ იცის, ეს იყო გახარიას შეცდომები, თუ გამიზნული ქმედებები.

კითხვაზე, ელოდება თუ არა გიორგი გახარიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ “გამორიცხული არაფერი არის”. მისივე თქმით, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ.

“მმართველი პარტია ყველანაირად ცდილობს, რომ როგორმე ზიანი მოგვაყენოს. მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ შინაარსობრივ პოლემიკაში შევიდე ამ საკითხთან დაკავშირებით, რამეთუ თვითონ უწოდებენ ამ ყველაფერს შეთქმულების თეორიას. ჩვენ ეს მოვისმინეთ გუშინ, ინტერვიუს დროს. ამიტომ შეთქმულების თეორიებზე საუბარი არასერიოზულია. მე თანავუგრძნობ “ქართულ ოცნებაში” იმ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად არიან დარჩენილი ამ გუნდში, რომლებიც ამ ყველაფერს რეალურად აფასებენ და უწევთ ამ ყველაფრის მოთმენა და გაგებით რომ მოეკიდონ”, — განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

გუშინ ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გუნდში გახარიას გადაყენების აზრიც იყო მომწიფებული, თუმცა:

„… რაღაცამ შეცვალა. ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ამის დროც მოვა. რაღაც გარე ფაქტორი იყო. მასთან იყო დაკავშირებული“, – ამბობს ის.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახარიას არგადაყენების მიზეზი “მორიგი შეთქმულების თეორია იქნება, რომელსაც მომავალში მოვისმენთ”.

გუნდურობის მაგალითია – კობახიძე განმარტავს, რატომ აქებდა გახარიას წარსულში

მასალების გადაბეჭდვის წესი