ახალი ამბები

20 ივნისის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მიერ – კობახიძე

14 ივნისი, 2021 • 4110
20 ივნისის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი გახარიას მიერ – კობახიძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 20 ივნისის ოპერაცია იყო „აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გიორგი გახარიას მიერ“.

კობახიძე „მთავარი არხის“ ეთერში ამბობს, რომ გახარიას მინისტრობისა და პრემიერობის დროს იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებდა ეჭვს – „რომ გავლენის ქვეშ იყო“.

„მაგალითად, იგივე რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, გახარიას მხრიდან. დაშლის ოპერაციას ვგულისხმობ, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას: ვინც ერკვევა ელემენტარულად, ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა – ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს“, – ამბობს კობახიძე.

დამატებით კითხვებზე ჯი პასუხობს, რომ ოპერაციაზე თავად გახარია იყო პასუხისმგებელი და მას ასრულებდა ერთ-ერთ მოადგილესთან ერთად. შემდგომ კი კობახიძე ასახელებს მოადგილის ვინაობას და ამბობს, რომ ეს მოადგილე კახაბერ საბანაძე იყო.

„პირველი კითხვის ნიშანი- რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როცა უნდა ყოფილიყო შიგნით და რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები. საბოლოო ჯამში, უკვე იძულება იყო ტყვიის გამოყენება იმისთვის, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე.

ნებისმიერი ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების ოდენობა არ იყო, რომელიც იძლეოდა უფრო მეტ საფრთხეზე ფიქრის საშუალებას. სპეცრაზმი რომ ყოფილიყო ჭიშკრის შიგნით და რომ გამოყენებულიყო რბილი საშუალებები, ამ შემთხვევაში თავიდან იქნებოდა აცილებული უფრო რთული გაგრძელება.

ჩვენ ეს გვეგონა შეცდომები. თუმცა შეიძლება არც იყო შეცდომები. არ მინდა შეთქმულებებში შევიდე“, – განმარტავს ის.

კობახიძე ასევე ამბობს, რომ ამ დროს ბაქოში ვიზიტით იმყოფებოდა. მისი სიტყვებით,  20 ივნისის ღამეს თავად დაურეკა გახარიას და ჰკითხა, რა ხდებოდა:

„მისგან პასუხი მივიღე, რომ ეს შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში, ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. ეს მე გამიკვირდა, რადგან გაუგებარი იყო მისი ეს პოზიცია. ეს იყო შეცდომა თუ შეგნებული „შეცდომები“, მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ.“

ინტერვიუს მიმდინარეობისას კობახიძემ რამდენჯერმე ახსენა, რომ არ იცის, ეს იყო გახარიას შეცდომები, თუ გამიზნული ქმედებები. ჟურნალისტის კითხვაზე, რა ეჭვები აქვს მას, პასუხობს:

„ის შეიძლება მოქმედებდა გარკვეული გავლენებით. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მას აქვს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან თუ იმასთან, თუ ამასთან –  მე ამას ვერ ვიტყვი. ფაქტია, რომ არსებობდა ლოგიკური გავლენები 17-18 თებერვალსა და სხვა შემთხვევებშიც არსებობდა ლოგიკური ჯაჭვი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ის გავლენებით მოქმედებდა.

„რაც კი პრობლემა დაუგროვდა იმ 1-წლიან მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომელიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული, ეს პირველი იყო მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა და ისე არასწორად იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომ შსს-ს მოუწია გამოსვლა. უხეში ფორმით მოხდა ყველაფერი, შემდეგ ბასიანი იყო და არასწორად დაგეგმილი ოპერაცია, უნდა გავიხსენოთ, რომ შემდეგ ბოდიშიც მოუხადა. პანკისი იყო აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და მძიმე სურათი, შეურაცხყოფა მიაყენებინა შსს-ს თანამშრომლებზე…“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ნახეთ ასევე ირაკლი კობახიძის განცხადება ნეტგაზეთის არქივიდან:

უნდა უპასუხოს, თუ რატომ თამაშობდა სააკაშვილის თამაშს — კობახიძე გახარიაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი