ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ მოატყუეს საზოგადოება ცხინვალში – ინალ ჯაბიევის საქმის გაგრძელება

14 ივნისი, 2021 • 1761
როგორ მოატყუეს საზოგადოება ცხინვალში – ინალ ჯაბიევის საქმის გაგრძელება

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


სამხრეთ ოსეთის მილიციის ორ თანამშრომელს, 30 წლის ინალ ჯაბიევის წამებით სიკვდილამდე მიყვანაში ბრალდებულებს, მძიმე  ბრალდებები მოუხსნეს და გაათავისუფლეს. იმ სასამართლო ექსპერტის წინააღმდეგ კი, რომელმაც დასკვნა გამოაქვეყნა ჯაბიევის ძალადობრივად სიკვდილამდე მიყვანაზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. 

გამოძიების ცხრა თვის განმავლობაში პრეზიდენტი ბიბილოვი ამშვიდებდა საზოგადოებას დაპირებებით, რომ გახმაურებული დანაშაულს ობიექტურად გამოიძიებდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ მთელი ეს პერიოდი ცრუობდა. 

7 ივნისს ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ჯაბიევის საქმეზე კრიმინალური მილიციის ექვსი თანამშრომლიდან ოთხისთვის აღმკვეთი ღონისძიება შეცვლა გაუსვლელობაზე ხელწერილით. 

გამოძიებამ უარი თქვა მძიმე დანაშაულებში მათი ბრალდებისგან, საშუალო სიმძიმის დანაშაულისთვის კი მაქსიმალური პატიმრობა ექვსი თვეა. ბრალდებულები კი უკვე ათი თვეა ციხეში იყვნენ, შესაბამისად, გაათავისუფლეს. 

როგორც საზოგადოებას პროკურორმა ედუარდ ჯიოევმა განუცხადა, თავდაპირველად მილიციის თანამშრომლებს ბრალდება წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 111-ე [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება სიკვდილამდე მიყვანით, რომელიც ისჯება 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით] და 286-ე მუხლის მესამე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობის გამოყენებითა და მძიმე შედეგების მიყენებით – 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა]. 

გამოძიების დროს გენერალურმა პროკურატურამ აღნიშნული ბრალდებების მტკიცებულებები “ვერ იპოვა” და მხოლოდ 286-ე მუხლის პირველ ნაწილზე შეჩერდა [სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რომელმაც გამოიწვია არსებითი დარღვევა მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესებისა, რომელიც ითვალისწინებს 80 ათასი რუბლის ოდენობით ჯარიმიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას]. 

ამ ამბავთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია ჰგავს იმ ადამიანის გრძნობას, რომელიც აცნობიერებს, რომ “გააცურეს”. ხალხი მიხვდა, რომ მთელი ეს ცხრა თვე, სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, პრეზიდენტი მათ ატყუებდა. 

ბიბილოვმა იცრუა ინალ ჯაბიევის დაკრძალვაზეც, როდესაც ცხედართან მდგარი დაჰპირდა საზოგდოებას, რომ ყველა დამნაშავე მკაცრად დაისჯებოდა. მან მოიტყუა მას შემდეგაც, როდესაც განაცხადა, რომ როგორც პრეზიდენტი, სამართლიანი გამოძიების გარანტიას იძლევა. ახლა ჯაბიევის დედა ამბობს, რომ აუცილებლად დაუბრუნებს ფულს ბიბილოვს, რომელიც მას დაკრძალვაზე გადასცა. 

ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად არიან გათვითცნობიერებული იმაში, რა მოხდა გამოძიების დროს კულუარებში, ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს  – პრეზიდენტი გეგმავდა “დაპირება შეესრულებინა” და მძიმე მუხლით ერთი ან ორი მილიციელი მაინც დაესაჯა. საქმე არის არა ბიბილოვის სენტიმენტალობაში, არამედ  საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლამდეც ათი თვეა დარჩენილი, წინაასარჩევნო პერიოდი კი არ არის საუკეთესო დრო, ამომრჩეველს აჩვენო საკუთარი სიხისტე. მაგრამ პრეზიდენტს ასეთი საშუალება არ მისცეს – ბრალდებულთაგან არცერთმა არ მისცა მას საშუალება, განტევების ვაცად ექციათ ისინი. მათ შეძლეს საკუთარი თავის დაცვა და პრეზიდენტიც იძულებული გახდა, დამორჩილებულიყო. 

ამგვარად, კრიმინალური სისტემის არქიტექტორი ამავე სისტემის ტყვე აღმოჩნდა.

წარმოდგენა 27 მაისს დაიწყო, როდესაც ცხინვალის საქალაქო სასამართლომ ექვს მილიციონერს აღმკვეთ ღონისძიებად კიდევ ერთი თვით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბრალდებულებსა და მათ ახლობლებში აღშფოთება გამოიწვია. შიდა წრის ინფორმაციით, მათ შეჰპირდნენ, რომ აღმკვეთ ღონისძიებას შეცვლიდნენ და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლებდნენ. იგრძენს რა თავი მოტყუებულად, ბრალდებულებმა დაიწყეს გამომძიებლების მიმართ მუქარები. 

სრულიად ცხადია, რომ დაპირება არ გაუციათ გამომძიებლებსა და მოსამართლეებს. მსგავს რეზონანსულ საქმეებზე მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გასცეს რაიმე გარანტიები, ან პრეზიდენტის სახელით, ყოფილ გენერალურ პროკურორს და ამჟამად მის მრჩეველს, ურუზმაგ ჯაგაევს. ამ გარანტიების შესრულება და მასზე პასუხისმგებლობის აღება კი გამომძიებლებს მოუწევთ.

გამომძიებლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: საქმე საკმაოდ გახმაურებულია,  დიდი საზოგადოებრივი ყურადღებაა მისდამი, ახლა კი ყველაფერს ემატება წინასაარჩევნო გაურკევლობაც – თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში. 

ამიტომაც გამომძიებლებმა ხრიკს მიმართეს  – არ ამოიღეს მძიმე მუხლი [286-ის მესამე ნაწილი] და ამით, გარკვეულწილად, საკუთარი თავის ნაცვლად კანონის დარღვევა სასამართლოს შესთავაზეს –  გაეთავისუფლებინათ დაკავებულები, რომელთაც 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არც მოსამართლეებს მოუნდათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. შეიქმნა კონფლიქტი. სასამართლომ პროკურატურას დააკისრა პასუხისმგებლობა – რომ ჯერ მას მიეწოდებინა სასამართლოსთვის საბაბი ყველას გასათავისუფლებლად.  

28 მაისს, ანუ სასამართლოს მეორე დღეს, ბრალდებულების მუქარების შემდეგ, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოსტა ჯიოითიმ და ჯაბიევის საქმის გამომძიებელმა ალან ბესტაუთმა თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები დაწერეს, შემდეგ კი იგივე განცხადება დაწერა კიდევ რვა გამომძიებელმა – მათ, ვისაც გენერალურმა პროკურორმა მ. ბაგაევმა შესთავაზა საქმის გამოძიება.

გენერალური პროკურორი იძულებული გახდა, ურუზმაგ ჯაგაევისთვის და ანატოლი ბიბილოვისთვის დაერეკა. გამომძიებლები დაიბარეს. 

გენერალური პროკურატურის პრესსამსახურმა იმავე საღამოს განცხადება გამოაქვეყნა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია უწყების თანამშრომელთა მასობრივ წასვლაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. მაგრამ გამომძიებლებს განცხადებები უკან არ გაუტანიათ. 

პირველი ივნისს ფეისბუკის ოსურ სეგმენტში გაჩნდა ინფორმაცია კრიმინალური მილიციის დაკავებული თანამშრომლების მშრალი შიმშილობის შესახებ. ქსელში გავრცელდა ასევე მათი განცხადებების ასლები წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ს. გაზაევის სახელზე. განცხადებებში მითითებული იყო, რომ ისინი მიმართავდნენ “სასტიკად თავხედურ, უკანონო და დაუსაბუთებელ დაკავებასა და დანაშაულზე, რომელიც არ ჩაუდენიათ”. შიმშილობას კი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვეტდნენ, როდესაც აღმკვეთი ღონისძიება გაუსვლელობაზე ხელწერილით შეიცვლებოდა.  

ინტერნეტში გავრცელებული ყველა განცხადება იდენტური იყო და, შესაბამისად, ორგანიზებულ პიარ-აქციას ჰგავდა. 

ტექსტის მიმართ ყურადღება მხოლოდ ერთმა აბზაცმა გამოიწვია: 

“ასევე ვითხოვ: მედია, ყველა ფრაქციის დეპუტატი, რომლებიც ვალდებული არიან წერილობითი ფორმით ჩემი მოთხოვნების შესახებ აცნობონ იმ პირებს, რომლებიც 28.08.20 წლიდან დღემდე ჩვენთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, და დაზარალებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან და ამავე დროს ირწმუნებიან, რომ არაფერს ვამბობთ აღნიშნულ ფაქტზე. მაშ, მოდით და გაიგეთ სრული სიმართლე ჩვენს უკანონო და დაუსაბუთებელ პატიმრობაზე”. 

ამ განცხადების ნაწილმა რიგი საკითხები წამოწია. ვინ არიან ის ადამიანები, ვისთანაც მუდმივად აწარმოებდნენ მილიციონერები მოლაპარაკებებს ინალ ჯაბიევის სიკვდილის დღიდან? რის შესახებ იყო მოლაპარაკებები? 

ტექსტის მიხედვით, ბრალდებულები აშკარად შანტაჟს უწყობენ იმ “პირებს” და ემუქრებიან ვინაობის გამხელით.

მთავრობასთან დაახლოებული წყაროები ირწმუნებიან, რომ ბიბილოვი, რომელმაც გაიგო, რომ მილიციის არცერთი თანამშრომელი არ არის თანახმა პატიმრობაზე, აღშფოთდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა, მიეღო მათი პირობები. 

ჯაბიევის მკვლელობის შემდეგ დაპატიმრებული მილიციის თანამშრომლები დაარწმუნეს, რომ პატიმრობა აუცილებელი ნაბიჯია, რადგან სიტუაცია ცხინვალში შეიძლება უკონტროლო გამხდარიყო. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ცენტრალურ მოედანზე ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა.

იმ მომენტში გენერალურმა პროკურორმა დაარწმუნა მილიციის თანამშრომლები, აღარ გაემწვავებინათ სიტუაცია და პატიმრობაზე დათანხმებულიყვნენ. თავის მხრივ, გენერალური პროკურორი დაჰპირდა მათ ყველა ფინანსური პრობლემის მოგვარებას, ბანკის კრედიტების გასტუმრებას და სკანდალის ჩაცხრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლებას. 

საბოლოოდ, რატომ გაითვალისწინეს დაკავებული მილიციის თანამშრომლების აზრი? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ისინი ასრულებდნენ პრეზიდენტის და გენერალური პროკურორის უშუალო მითითებებს და ამის შესახებ, შესაძლოა, სასამართლოზეც მოეყოლათ. 

2020 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა ბიბილოვმა საინფორმაციო კამპანია დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც მაშინ განაცხადა, კრიმინალს გაურიგდა. ყველაფრის კულმინაცია უნდა გამხდარიყო გამოძიება ე.წ. თავდასხმის ფაქტზე შს მინისტრ იგორ ნანიევზე. 17 აგვისტოს ცხინვალში, მოსკოვის მიკრორაიონთან ახლოს, სადაც ნანიევი ცხოვრობს, მიტოვებული შენობიდან მის სამსახურეობრივ მანქანა “ნივაზე” მოხდა თავდასხმა. 

თავდასხმა არადამაჯერებლად გამოიყურებოდა – 30 მეტრის მანძილიდან მაკაროვის ტიპის პისტოლეტიდან ისროლეს, კარს სამი ტყვია მოხვდა. 

მალევე ბიბილოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ოპოზიცია დგას და გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. ღამის განმავლობაში “ცხელ კვალზე” მილიციამ 56 ჩხრეკა ჩაატარა. ძალოვანთა ასეთი რეაქცია იმაზე მეტყველებდა, რომ გამოძიებას არ ჰქონდა რაიმე ვერსია. 

საბოლოოდ, დააკავეს სამი 30 წლის კაცი, გირსან კულუმბეგოვი, ნიკოლოზ ცხოვრებოვი და ინალ ჯაბიევი. ერთადერთი, რაც მათ აკავშირდებდათ “თავდასხმასთან”, ეს იყო ის, რომ იმავე მიკრორაიონში მანქანით სეირნობდნენ. ისინი 23 აგვისტოს სასამართლოს სანქციის გარეშე დააკავეს და 5 დღის განმავლობაში სარდაფიდან სარდაფში გადაჰყავდათ, სცემდნენ, რომ დანაშაული ეღიარებინათ. 

გირსან კულუმბეგოვი ბიბილოვის ნათესავი აღმოჩნდა. ის მალევე გაათავისუფლეს და საქმის მოწმედ გადააკვალიფიცირეს. 

28 აგვისტოს 30 წლის ინალ ჯაბიევმა ვერ გაუძლო ფიზიკურ დაზიანებებს და გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. იმავე დროს, ნიკოლოზ ცხოვრებოვს მეზობელ კამერაში სცემდნენ. მისი თქმით, ინალ ჯაბიევმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მისი სიცოცხლე იხსნა, რადგან მასზე ძალადობა შეწყვიტეს, თუმცა ფეხები წაერთვა. 

კრიმინალური მილიციის ბრალეულობის დასადგენად არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. მათი ფორმა და ფეხსაცმელი ექსპერტიზაზე არ გასულა, ხელის ანაბეჭდები არ გაკეთებულა. 

საქმეში ერთადერთი სამხილი არის სამხრეთ ოსეთის სასამართლო ექსპერტის, ზარინა ძაგოევას დასკვნა, ერთადერთი სპეციალისტისა, რომელმაც ჯაბიევის გვამის ექსპერტიზა ჩაატარა. მისი დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი ხელბორკილებით დააბეს “მერცხლის” პოზაში. ამის გამო ჯაბიევს ტრავმატული ტოქსიკოზი დაემართა, შემდეგ კი, გულის მწვავე უკმარისობა, რომელიც სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა. 

ამიტომაც გამოძიებამ საქმე სწორედ ჯაბიევის სიკვდილის მიზეზების უარყოფით დაიწყო. ეს რთული არ ყოფილა – რუსეთში საეჭვო რეპუტაციის მქონე ბევრი ლაბორატორია არსებობს.

19 ნოემბერს მეორე ექსპერტიზა გამოჩნდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალური ექსპერტიზების მთავარი სახელმწიფო ცენტრი. მისი დასკვნით, ჯაბიევის სიკვდილი დადგა “აბსტინენტური სინდრომის განვითარების ფონზე”, ანუ – ნარკოტიკის მიღების მოთხოვნილების.

14 მაისს გამოჩნდა კიდევ ერთი ექსპერტიზის შედეგები, ასევე, საეჭვო ლაბორატორიიდან – მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის სასამართლო-სამედიცინო ესპერტიზის ბიუროდან.

ამის შემდეგ სოციალურ ქსელებში დაიწყო სასამართლო ექსპერტ ძაგოევას დისკრედიტაციის კამპანია. 7 ივნისს, იმავე დღეს, გაათავისუფლეს დაკავებული მილიციის თანამშრომლები. ძაგოევას წინააღმდეგ კი გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალი ედება იმავე მუხლით, რაც მილიციელთა შემთხვევაში [286 მუხლის 1 ნაწილი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება, რომლთაც მოქალაქეების ან ორგანიზაციების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევები მოჰყვა]. 

გამოძიების ვერსიით, მანვე დაამზადა ყალბი ცნობა ჯაბიევის სიკვდილის მიზეზებზე, რითაც მილიციელებს ცილი დასწამა და რესპუბლიკაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინა, ანუ გამოძიება ამბობს, რომ “სწორედ ის არის ბოროტების წყარო და პოლიტიკური კრიზისის მთავარი დამნაშავე”. 

ჯაგაევმა დაპირება თითქმის აასრულა. დაპირება შეასრულეს პოლიციელებმაც, რომლებსაც არცერთი ჩვენება არ მიუციათ, თუმცა ბევრის მოყოლა შეეძლოთ. ნათელია, რომ ეს არის საზოგადოების გამოწვევა და სწორედ ამ ომის გამოცხადებით ბიბილოვის ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე გადის.

მასალების გადაბეჭდვის წესი