ახალი ამბები

მაქვს მოლოდინი, რომ გამეორდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება — ზალკალიანი

14 ივნისი, 2021 • 1040
მაქვს მოლოდინი, რომ გამეორდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება — ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ნატოს დღევანდელი სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხი აქტიური განხილვის თემა იქნება.

მისი თქმით, აქვს მოლოდინი, რომ დღევანდელ სამიტზე 2008 წელს გამართული ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გამეორდება. აღნიშნულ სამიტზე საქართველომ და უკრაინამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) ვერ მიიღეს, თუმცა ალიანსმა დადო პირობა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.

“სულ რამდენიმე საათში იხილავთ ტექსტს [სამიტის დეკლარაციას]. მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ ტექსტი არის ძალიან კარგი და მასში არის ასახული ის პროგრესი, რაც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით. მაქვს მოლოდინი, რომ გამეორდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატოს წევრი.

ასევე საუბარი იქნება  ოკუპაციასთან დაკავშირებით. იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთის ფედერაციამ აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. იქნება ძალიან მკაფიო გზავნილები რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ხაზგასმა იქნება იმისა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში საბოლოო წევრობისთვის.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტზე. ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით ყველა ძირითადი პრიორიტეტი იქნება ასახული სამიტის დეკლარაციაში”, — განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ასევე მიღებული იქნება ნატოს 2030 წლის სტრატეგია, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ღია კარის პოლიტიკა იქნება მხარდაჭერილი.

“გარდა ამისა, იქნება მიღებული ცალკე დოკუმენტი. ეს გახლავთ 2030 წლის სტრატეგია. ეს არ არის საჯარო დოკუმენტი და დიდი ალბათობით, საჯაროდ არ გამოქვეყნდება. მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოსთან მიმართებაში არსებული დეფინიციები ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში ასევე იქნება წარმოდგენილი ამ დოკუმენტში”, – განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს ბრიუსელის ფორუმზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად წამყვან სპიკერად არის დასახელებული.

ბრიუსელის ფორუმი 2021 წლის 14-18 ივნისს გაიმართება მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში. ფორუმის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ღონისძიების დღის წესრიგი, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მათ შორის, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კრუსთან, ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან, სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან.

ღონისძიებაში, რომელიც თემატური პანელებისგან შედგება, საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა პანელზე, სახელწოდებით “Investing in Resilience”, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილდება ნატოს მოკავშირეებს შორის მდგრადობის ინტეგრირებულ და კოორდინირებულ მიდგომასა და ინვესტირების მნიშვნელობაზე.

დღეს, 14 ივნისს, ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება. სამიტზე მიწვეულები არ არიან საქართველო და უკრაინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი