ახალი ამბები

ყოჩაღ ყველას, ყოჩაღ ღარიბაშვილს, ყოჩაღ სახელმწიფო დეპარტამენტს — ელისაშვილი

14 ივნისი, 2021 • 1769
ყოჩაღ ყველას, ყოჩაღ ღარიბაშვილს, ყოჩაღ სახელმწიფო დეპარტამენტს — ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება აზერბაიჯანული მხარის მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას და ამ პროცესში საქართველოს მთავრობის როლს გამოყოფს.

მისი თქმით, საამაყოა, რომ საქართველომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, თავისი გეოპილიტიკური მდებარეობის გამოყენება შეძლო.

“ყოჩაღ ყველას, ვინც, ჩვენი მხრიდან ამაში იყო ჩართული. რამდენადაც ვიცი, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი იყო ჩართული და ყოჩაღ მას. ასევე, ყოჩაღ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც, ასევე, ჩართული იყო ამ საქმეში. დიახ, საქართველოს აქვს უნიკალური პოლიტიკური და რეგიონული მდებარეობა სამხრეთ კავკასიაში და ძალიან დასანანი იყო, რომ განსაკუთრებით აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის დროს, სწორად ვერ ვიყენებდით ამ ბერკეტს. ამ როლის გამოყენება ძალიან კარგია მთელი ქვეყნისთვის. გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები, ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ძალიან საამაყოა, რომ ქართულმა სახელმწიფომ და საქართველოს მთავრობამ ეს მოახერხა”, — განუცხადა ჟურნალისტებს ელისაშვილმა.

აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი საქართველოს გავლით სომხეთის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული, როგორც ფასილიტატორი. პროცესებში ჩართული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი.

ღარიბაშვილის ფასილიტაციით და აშშ-ს ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი