ახალი ამბები

ღარიბაშვილის ფასილიტაციით და აშშ-ს ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

12 ივნისი, 2021 • 1196
ღარიბაშვილის ფასილიტაციით და აშშ-ს ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა – საქართველოს მთავრობა

აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა, ისინი საქართველოს გავლით სომხეთის ტერიტორიაზე დაბრუნდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობის ცნობით, აღნიშნულ პროცესში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული, როგორც ფასილიტატორი. პროცესებში ჩართული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან”, – წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოსა და აშშ-ს აქტიური ჩართულობით გადადგმული ეს ნაბიჯები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გასაუმჯობესებლად.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგიონში დაძაბულობის შემცირებას და გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას დაუდებს საფუძველს.

“საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას. საქართველოს არაერთხელ გამოუხატავს მზადყოფნა, საკუთარი წვლილი შეეტანა საერთაშორისო საზოგადოების მცდელობებში, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას ემსახურება. დღევანდელი ფაქტის მსგავსი ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო საზოგადოების მიზნებს, ხელი შეუწყოს რეგიონში პოლიტიკური და უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი