ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ ისრაელის ყველაზე მრავალფეროვან სამთავრობო კოალიციაზე

14 ივნისი, 2021 • 2414
რა უნდა ვიცოდეთ ისრაელის ყველაზე მრავალფეროვან სამთავრობო კოალიციაზე

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა ახალი კოალიციური მთავრობის არჩევით დასრულდა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ 8 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს. პირველად ისტორიაში, სამთავრობო კოალიციაში შედის არაბული პარტიაც.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რატომ და როგორ მოახერხა ერთმანეთისგან განსხვავებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა კოალიციის შექმნა, რა ტიპის მმართველობას შესთავაზებენ ისინი ისრაელს და რამდენად მყიფე ან მყარია მათი კავშირი.

ქართველი მკვლევრების ნაწილის თქმით, კოალიციის შექმნის მთავარი მიზანი ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობიდან ჩამოშორება გახლდათ, თუმცა ამ კოალიციის ერთიანობა “კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”.

მე-4 არჩევნები ბოლო 2 წელიწადში

2019 წლიდან ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ბენიამინ ნეთანიაჰუს მხარდამჭერმა კოალიციამ და ვერც ოპოზიციურმა ჯგუფებმა ვერ მოახერხეს იმ რაოდენობის მანდატების მოპოვება, რომ დამოუკიდებლად შეექმნათ სტაბილური კოალიციური მთავრობა.

ამ დროის განმავლობაში ბენიამინ ნეთანიაჰუ ან ოფიციალურად რჩებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ან ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას და ხელისუფლებას იყოფდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ერთად, რაც იწვევდა შიდა დაპირისპირებებსა და კოალიციების რღვევას.

შედეგად, ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარდა 4 საპარლამენტო არჩევნები, სადაც ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებდა, რომ მიიღებდა უფრო დიდ მხარდაჭერას, რაც საკმარისი გახდებოდა საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად, ხოლო ოპოზიციური პარტიები მიზნად ისახავდნენ ხელისუფლებიდან მის ჩამოშორებას.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ტოვებს პარლამენტის შენობას. ფოტო: ალექს კოლომოისკი 2020

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ისრაელში 2021 წლის 23 მარტს გაიმართა, სადაც საპარლამენტო მანდატების ყველაზე დიდი ნაწილი — 30 ადგილი ქნესეთში — მოიპოვა ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია “ლიკუდმა”, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მას მმართველი კოალიცია შეექმნა.

მას შემდეგ, რაც კანონით გათვალისწინებულ ვადაში ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვერ შეძლო კოალიციის ჩამოყალიბება, ქვეყნის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა პარტია “ეშ ათიდის” ხელმძღვანელს, იაირ ლაპიდს დაავალა, რომ შეექმნა მმართველი კოალიცია. 

სწორედ იაირ ლაპიდსა და ნაფტალი ბენეტს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი ახალი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც პარლამენტმა მხარი 13 ივნისს დაუჭირა.

“ეკლექტური კოალიცია”

ახალი მთავრობა ერთმანეთისგან იდიოლოგიურად განსხვავებულ 8 პარტიას აერთიანებს.

მათ შორისაა ცენტრისტული “ეშ ათიდი”, რომელმაც პარლამენტში 17 ადგილი მოიპოვა, და “ლურჯი და თეთრი” — 8 საპარლამენტო მანდატით.

კოალიციაში ასევე შედიან მემარცხენე “ლეიბორისტული პარტია” და “მერეცი”, რომელთაც, ჯამში, 13 საპარლამენტო მანდატი აქვთ, და მემარჯვენე პარტიები: “იამინა”, “ახალი იმედი” და “ისრაელ ბეითენუ” [იგივე ისრაელი ჩვენი სახლი”], რომლის ხელმძღვანელიც ავიგდორ ლიბერმანია. სწორედ “ისრაელ ბეითენუ” ითვლება ისრაელის საბჭოთა წარმომავლობის მოქალაქეების ინტერესების მხარდამჭერ პარტიად.

მემარჯვენე “იამინას” ლიდერია ნაფტალი ბენეტი, ვინც ისრაელის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც პოსტს პარლამენტში მხოლოდ 6 მანდატის მოპოვების შემდეგ დაიკავებს.

 

ისრაელის სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტიები პარლამენტში მოპოვებული მანდატების მიხედვით. მომზადებულია Al-jazeera-ს თანახმად.

გარდა ჩამოთვლილი პარტიებისა, კოალიციაში შედის გაერთიანებული არაბული სია, იგივე “რაამი”, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში 4 მანდატი მოიპოვა. “რაამს” ძირითადად მხარს უჭერენ ისრაელის მოქალაქე არაბები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობენ.

ეს კოალიცია ისტორიულია იმ თვალსაზრისით, რომ ისრაელის არსებობის ისტორიაში პირველად, სამთავრობო კოალიციაში სხვა პარტიებთან ერთად არაბული პარტიაც იქნება.

რატომ შედგა ასეთი ერთობა და რამდენად მყარია ის

საერთაშორისო ურთიერთობების ქართველი ანალიტიკოსისა და “რეალპოლიტიკის” აღმასრულებელი რედაქტორის, აკა ზარქუას განცხადებით, მთავარი მიზეზი, თუ რატომაც ჩამოყალიბდა ისრაელში ამგვარი მმართველი კოალიცია, არის ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველობიდან ჩამოშორების სურვილი.

“მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებს არ ჰქონდათ “ლიკუდთან” ან სხვა მემარჯვენე პარტიებთან დასხდომისა და კოალიციის შექმნის პრობლემა, თუმცა მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა, იყო ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრობა. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ჩატარდა 4 არჩევნები და ერთადერთი, რაც ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე ჰქონდათ მიზნად დასახული, იყო ნეთანიაჰუს მმართველობის დასრულება. სწორედ ეს იყო კოალიციის შექმნის მთავარი მიზეზი”, — აცხადებს ნეტგაზეთთან საუბრისას აკა ზარქუა.

მისივე თქმით, კოალიცია არის ძალიან მყიფე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტის ერთი დეპუტატიც “აჯანყდება”, ის დაიშლება.

“აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ მთავრობა შეჯერებული იქნება უფრო მეტად შიდა საკითხებზე. ჩვენ გვახსოვს ნაფტალი ბენეტის პალესტინის სახელმწიფოს დაარსების წინააღმდეგ გაკეთებული და დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციის განცხადებები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ იგი პრემიერ-მინისტრი გახდა, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მას მოუწევს ამგვარი განცხადებების დავიწყება, რათა არ დაიშალოს კოალიცია. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო დონეზე არავინ დაუჭერს მხარს ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციას.

რთული წარმოსადგენია ჩემთვის, რომ ეს კოალიცია დიდხანს გაძლებს, თუმცა მისი ერთიანობა მაინც დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ნეთანიაჰუ”, — აცხადებს აკა ზარქუა.

შეკითხვაზე, იმ დროს, როდესაც მმართველი კოალიციაში შემავალი პარტიები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, რა ტიპის პოლიტიკების განხორციელებას უნდა ველოდოთ, აკა ზარქუა პასუხობს, რომ მთავრობა ძირითადად  “ფოკუსირებული იქნება შიდა საკითხებზე”.

“ფინანსთა მინისტრის ადგილს დაიკავებს ავიგდორ ლიბერმანი, თავდაცვის მინისტრი იქნება ბენი განცი, იაირ ლაპიდი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაიბარებს პარტია “იამინა”. კოალიციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, წინ წამოიწევს ისეთი საკითხები, როგორიცაა დიალოგი ორთოდოქს ებრაელებთან, შაბათ დღეს ტრანსპორტის მუშაობის საკითხი და სხვა”, — აცხადებს ზარქუა.

შეკითხვაზე, თუ რა შეიძლება შეიცვალოს ისრაელისა და პალესტინელი არაბების, ან ჰამასის ურთიერთობებში, ზარქუა პასუხობს, რომ არ მოელის რაიმე “პრინციპულ სხვაობას” კონფლიქტთან მიმართებით წინა მთავრობის პოლიტიკასთან შედარებით.

“კოალიციაში ყველა პარტია ემხრობა ებრაულ ნაციონალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს. ისინი არ დათანხმდებიან იერუსალიმის გაყოფას, ჰებრონის დაშლას და ასე შემდეგ. შესაძლებელია, იყოს მცირედი დათმობები, თუმცა ეს არ იქნება პრინციპული ცვლილება. მათი პოზიციები არის მსგავსი.

ისრაელ-პალესტინის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას გამორიცხავს ისიც, რომ ეს არის ძალიან სუსტი კოალიცია, რომლის პირობებშიც გარღვევები არ იქნება.

რაც შეეხება ჰამასს, ის ყველას მიერ აღქმულია ტერორისტულ ორგანიზაციად და ეს ასე გაგრძელდება. შესაძლოა, საუბარი იყოს ღაზის ბლოკადის მოხსნაზე, ან შემსუბუქებაზე, თუმცა გენერალურად მიმართება დარჩება იგივე, რაც აქამდე იყო”, — მიაჩნია ზარქუას.

აკა ზარქუას განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპოზიციაში გადაინაცვლებს.

“ჯერჯერობით იგი რჩება პოლიტიკაში, აგრძელებს ბრძოლას, თუმცა მის მდგომარეობას ართულებს ის, რომ მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. სასამართლოები დროში გრძელდება, რაც ნეთანიაჰუს უბოჭავს მოქმედების არეალს.

ქნესეთის გარდა, მას რჩება ქუჩა და დემონსტრაციები, რასაც ნეთანიაჰუ საკუთარი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში აქტიურად იყენებდა. იგი ქუჩაში საკმაოდ ეფექტური ოპოზიციონერი იყო. ამ ადამიანმა გამოავლინა ძალაუფლების მოპოვებისა და შენარჩუნების ნიჭი, რაც ცხადყოფს იმას, რომ იგი ადვილად არ დანებდება”, — აცხადებს აკა ზარქუა.

მისი თქმით, ისრაელში მოსალოდნელია პოლიტიკურად დაძაბული პერიოდი, რაზეც გავლენას მოახდენს რეგიონში მიმდინარე პროცესებიც.


ისრაელის ისტორიაში ბენიამინ ნეთანიაჰუს ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. იგი ამ თანამდებობას 1996-1999 და 2009-2021 წლებში იკავებდა.

ნაფტალი ბენეტი არის ისრაელის პირველი არასეკულარი პრემიერ-მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი