ახალი ამბები

არ ვაპირებთ საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას – “ენკა”

12 ივნისი, 2021 • 974
არ ვაპირებთ საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას – “ენკა”

ნამახვანჰესის მშენებარე კომპანია “ენკა რინიუებლზი” აცხადებს, რომ საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას არ აპირებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.

“სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია “ენკამ” ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის- “ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების პარალელურად ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა აღნიშნული შეხვედრა მედიაციის დაწყებად შეაფასა, თუმცა ნამახვანჰესის პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა არ არის მედიაცია, არამედ ეს არის შეხვედრა, რომლის შემდეგაც გადაწყდება დაიწყება თუ არა მედიაციის პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი