ახალი ამბები

12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესზე“ – თურნავა

11 ივნისი, 2021 • 2830
12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესზე“ – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 12 ივნისიდან იწყება მედიაციის პროცესი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით.

„ხვალიდან იწყება უშუალოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი“, – განაცხადა ნათია თურნავამ 11 ივნისს, ბათუმის ტერმინალის გახსნისას.

მინისტრის თანახმად, მედიაციაში ყველა მხარე იქნება ჩართული. „სამინისტრო იქნება ჩართული, ექსპერტები იქნებიან ჩართულები. ველოდებით, რომ „რიონის ხეობის მცველები“ იქნებიან ჩართულები“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ეს არის სრულიად ნორმალური პროცესი. იმიტომ, რომ პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, გაცილებით უპრიანია, ხდებოდეს ასე, მოლაპარაკების და მედიაციის მაგიდასთან, მით უფრო, როდესაც ამას უძღვება პატივსაცემი ევროპელი მედიატორი, ვიდრე ქუჩაში“, — განაცხადა ნათია თურნავამ.

რა ხდება?

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ, — რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, — ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოში მედიატორი გამოგზავნა.

გაერთიანება აცხადებს, რომ მას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოზე ზემოქმედების და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე, დასავლეთ საქართველოში. ბოლო თვეების განმავლობაში პროტესტის ფონზე, რაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტი თუ აქტივისტი ამბობს, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს სხვადასხვა მხრივ.

ბუშლეს მოწვევის მიზანია მხარეთა შორის მედიაცია და „აქამდე პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტისა და პროცედურის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შედარება“.

რას გააკეთებს მედიატორი?

6 მაისის პრეს-რელიზში ენერგეტიკული გაერთიანება მიუთითებს, რომ ბუშლემ მიწვევა მიიღო და განაცხადა:

„მოუთმენლად ველით სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან მუშაობას, რათა გამოსავალი ვიპოვოთ. ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობებისა და პროექტის დეველოპერების გაერთიანება“.

დირკ ბუშლეს განცხადებით, მას სურს, მოლოდინების შესაბამისად, გამოსავალი სწრაფად და მარტივად იპოვოს. „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესში ყველას მოვუსმინოთ და ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთება დაიდება მაგიდაზე“, – აცხადებს ის.

პარალელურად, ბუშლეს განცხადებით, სამდივნო განიხილავს უკვე გაცემულ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას. პრესრელიზის თანახმად, დირკ ბუშლეს ამ პროცესში მხარს დაუჭერს გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტი, ალექსანდრა ბუაროსკა.

„ნამახვანჰესს“, რომლის ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია [თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება], აშენებს კომპანია „ენკა რინიუებლზ“ [მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია „ენკა“ (Enka Insaat ve Sanayi) ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული „ქლინ ენერჯი ჯგუფი“].

რიონის ხეობის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობა უკვე 5 თვეზე მეტია, თანდათანობით მომატებულ მხარდამჭერებთან ერთად, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პერმანენტულ აქციებს მართავს და კარვებში რჩება.

თურნავას ახალი განცხადებები

11 ივნისს ნათია თურნავამ ასევე განაცადა:

„როგორც კი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ დაიწყო სერიოზული პროესტი, და ჩვენ დავინახეთ, რომ გაცილებით მეტი კომუნიკაცია და მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინება გვმართებს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს დღესაც „ნამახვანჰესის“ პროექტის სრულყოფის პროცესი“.

მინისტრის თანახმად, „ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს“. მინისტრმა განმარტა, რომ სამ მიმართულებას გულისხმობს:

  1. შეიქმნა პლატფორმა ექსპერტებისთვის, რათა „ყველა ეკოლოგიური საკითხი იყოს უფრო მეტად გახსნილი, მეტად შესწავლილი და თუკი რაიმეს აღმოაჩენენ ექსპერტები, ესეც რომ იყოს ნათელი და გამოსწორდეს“. მისი თქმით, 15-მდე სხვადასხვა ექსპერტმა და ორგანიზაციამ გაითხოვა საბუთები და სამინისტრო ელოდება მათს მოსაზრებებს;
  2. საერთაშორისო მედიაციის პროცესი, რაც 12 ივნისს იწყება;
  3. მესამე მიმართულებად თურნავამ შემდეგ დაასახელა:

„პრემიერმაც გააჟღერა ამ დღეებში: ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის საკმაოდ პრობლემური და იწვევს სხვადასხვა კითხვებს მოსახლეობაში. პირველ რიგში ეს ეხება იგივე კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადის იჯარაში გადაცემის თემას. კანონმდებლობიით ეს ვადა, რა თქმა უნდა, დაშვებულია, — ეს არის მაქსიმალური ვადა, 99 წელი, — მაგრამ ეს იწვევს კითხვებს და პრობლემებს“.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 ივნისს განაცხადა, რომ „ნამახვანჰესი“ აშენდება, თუმცა, არა იმ პირობით, რომლის თანახმადაც ინვესტორ კომპანიას რიონის ხეობაში მიწა 99 წლით გადაეცემა. იგივე თქვა თურნავამ იმავე დღეს, 11 ივნისს კი დამატებით განაცხადა:

„ჩვენ აქამდე არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება, უკვე რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვსწავლობთ გზადაგზა, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახორციელებთ ახლა მოლაპარაკებებს ინვესტორთან. ძალიან კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება. იმიტომ, რომ მათი ამოცანაც არის, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს ის პროექტი, რომელიც სწორედ ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას“.

რას ამბობენ „მცველები“?

„რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ თუკი მთავრობის ახალი განცხადება გულისხმობს იმას, რომ პრობლემა მხოლოდ მიწის 100 წლით გადაცემაშია და თუ ეს რიცხვი შეიცვლება, პრობლემაც მოგვარდება, ეს ასე არ არის.

„მათი ჭკუით, ყველაფერი კარგად იყო ამდენი ხანი. და თუ ახლა „პრობლემა“ ერქმევა საკითხს, ბუნებრივია, რომ ჩვენ ჯერ ვთქვათ ყველა პრობლემა და შემდეგ გვითხრან, რომელი პუნქტი კმაყოფილდება ამ პრობლემებიდან“.

„თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ 100 [წელი] 49-ით გადაკეთდება მხოლოდ და ეს იქნება ამ პრობლემის მოგვარება, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ იქნება ამ პრობლემის გადაწყვეტა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა 9 ივნისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

სახელმწიფო კომპანია ₾199,000-ს დახარჯავს ჰესების პროპაგანდაში

ნამახვანჰესის ფორსმაჟორი

მასალების გადაბეჭდვის წესი