ახალი ამბები

საფრანგეთმა საქართველოს 483 მლნ ევროს მოცულობის სესხი გამოუყო

10 ივნისი, 2021 • 991
საფრანგეთმა საქართველოს 483 მლნ ევროს მოცულობის სესხი გამოუყო

საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის შეთანხმების ფარგლებში ქვეყანა 483 მლნ ევროს მიიღებს, აქედან 33 მლნ ევრო გრანტი იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10 ივნისს  განაცხადა. მისივე თქმით, ამ თანხას ქვეყანა 2 წლის განმავლობაში მიიღებს და ენერგეტიკის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაიხარჯება.

“მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ხელს ვაწერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, რითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მლნ ევრო. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ აქედან 33 მლნ ევრო გრანტია, რომელიც საქართველოს მთავრობას გადაეცემა. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ რეგიონული ოფისი გახსნა 2017 წელს, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა”, — აცხადებს ღარიბაშვილი.

2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. მთავრობის ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ  საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი