კომპანია „იბერია რეფრეშმენტის“, — საქართველოში „პეპსის“ ოფიციალური დისტრიბუტორისა და წარმომადგენლის ,— სადისტრიბუციო ქსელის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გაიფიცნენ.
„ნეტგაზეთს“ „პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობაში“ უთხრეს, რომ შრომითი დავა 5 დღის წინ დაიწყო, თუმცა, კომპანიასთან სისტემატიური მოლაპარაკებების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა, რის შემდეგაც გაფიცვა ოფიციალურად 10 ივნისს დაიწყო.
პროფკავშირის ცნობითვე, უკვე შედგა სიტყვიერი შეთანხმება კომპანიის წარმომადგენლებს, დასაქმებულებსა და პროფკავშირებს შორის.
„მოთხოვნების თანახმად, ექსპედიტორთა და მათი დამხმარეების სავაჭრო ობიექტებში ვიზიტის ანაზღაურება უნდა გაიზარდოს 25-25 თეთრით; ამას გარდა, მტვირთავების ფიქსირებულ ხელფასს უნდა დაემატოს ბონუსური სისტემა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ მარიამ ალიხანაშვილმა, პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა.
სხვა მოთხოვნები მოგვიანებით გამოქვეყნდება.
მისი ცნობითვე, ამჟამად ორივე მხარის იურისტები მუშაობენ შეთანხმების ტექსტზე და 18:00 საათისთვის იგეგმება წერილობითი შეთანხმების გაფორმება.
„იბერია რეფრეშმენტი“ სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 2001 წლიდან არის საქართველოში რეგისტრირებული. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირლანდიის მოქალაქე რაიმონდ ჯონ პოლ ჰეიზლი, დირექტორი კი, ყაზახეთის მოქალაქე რაიხან აუბაკიროვა.