ნეტგაზეთი | კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელი გაიწვია, მანდატის შესაწყვეტად დავას ჯაფარიძე-ხოშტარია აგრძელებენ კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელი გაიწვია, მანდატის შესაწყვეტად დავას ჯაფარიძე-ხოშტარია აგრძელებენ – Netgazeti
RU | GE  
კორძაია, ჯაფარიძე, ხოშტარია

კორძაიამ საკონსტიტუციო სარჩელი გაიწვია, მანდატის შესაწყვეტად დავას ჯაფარიძე-ხოშტარია აგრძელებენ

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს საქმეს “ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომელიც პირადი განცხადების მიუხედავად, სადეპუტატო უფლებამოსილების შეუწყვეტლობას ეხება.

დავა საკონსტიტუციოში

პარლამენტის არჩეულმა წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რადგან პარლამენტმა არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დეპუტატების კონსტიტუციური სარჩელები ერთ საქმედ გააერთიანა და არსებითი განხილვა დაიწყო. საქმის არსებითი განხილვა დღეს, 9 ივნისს, ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ სარჩელს დღესაც დასაბუთებულად მიიჩნევს, თუმცა ამ ეტაპზე უარი უნდა თქვას საქმის გაგრძელებაზე. დეპუტატმა სარჩელის გაწვევა ახსნა 19 აპრილის შეთანხმებით და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებით.

“ნება შეიცვალა არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც ამ ეტაპზე ვამბობ უარს და გთხოვთ, შეწყვიტოთ წარმოება. ის გარემოება, რომ შევედი პარლამენტში, მაიძულებს, არ ვიყო დესტრუქციული ჩემს კოლეგებთან მიმართებაში და შეთანხმებით ნაკისრი პასუხისმგებლობა ავიღო”, — განაცხადა თამარ კორძაიამ.

საქმის წარმოებას განაგრძობენ ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია.

მოსამართლე ევა გოცირიძე დაინტერესდა, აცნობიერებენ თუ არა დეპუტატები, რომ სარჩელების დაკმაყოფილებას შეიძლება მოჰყვეს მათი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა? ზურაბ ჯაფარიძის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეპუტატი ამ მოცემულობას სრულად აცნობიერებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დეპუტატის უფლებამოსილების შეუწყვეტლობის კონსტიტუციურობაზე 9 მოსამართლის — მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში და თამაზ ცაბუტაშვილი – შემადგენლობით მსჯელობს.

წინაისტორია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა, თუმცა საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 2 თებერვლის კენჭისყრაზე უფლებამოსილება არ შეუწყვიტა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს, რომლებმაც მანდატებზე უარი პირადი განცხადებით თქვეს. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ცალ-ცალკე დადგენილებებს ეყარა კენჭი და არცერთი დაკმაყოფილდა.

მიმდინარე წლის თებერვალში თამარ კორძაიამ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც პარლამენტმა მოსარჩელეებს ვადამდე არ შეუწყვიტა საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და მისი ვადამდე შეწყვეტის საკითხი. ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად განსაზღვრავს მის პირად განცხადებას. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული დებულება საქართველოს პარლამენტს ავალდებულებს, პარლამენტის წევრის მიერ შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მიიღოს ფორმალური პროცედურით, პოლიტიკური მიზანშეწონილობის შეფასების გარეშე.

საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, თამარ კორძაია და ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში შევიდნენ, ხოლო ელენე ხოშტარია — არა.

ამ თემაზე:

3 დეპუტატს მანდატი შეუწყვიტეს, 51-ს – არა, რატომ?

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.