ახალი ამბები

ელისაშვილი მხარს უჭერს “ოცნების” პროექტს პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე

10 ივნისი, 2021 • 1281
ელისაშვილი მხარს უჭერს “ოცნების” პროექტს პარტიების დაფინანსების შეზღუდვაზე

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი მხარს დაუჭერს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

აღნიშნულ ცვლილებებს ოპოზიცია სადამსჯელო ზომას უწოდებს, რასაც ელისაშვილი არ ეთანხმება. მისი აზრით, ეს არა პარტიების დასჯა, არამედ უპასუხისმგებლობასთან ბრძოლაა.

“მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს. მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკას ყველა უნდა ეკიდებოდეს პასუხისმგებლობით. პოლიტიკა ჩემთვის არის ხალხის სამსახური. როდესაც ხალხი გირჩევს, მანდატს გაძლევს და პარლამენტში არ შედიხარ, მაგრამ დაფინანსებას იღებ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს. მართალია, ეს წესი მომდევნო პარლამენტზე გავრცელდება, რომ ახლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად არ ჩაითვალოს, მაგრამ მე ახლა გავრცელების მომხრეც ვარ. იმიტომ, რომ ეს რას ნიშნავს, აგირჩიეს, პარლამენტში არ დადიხარ, მუშაობა გეზარება, მაგრამ ფულს იღებ. მაშინ, იმ ფულზე, ხელფასზეც და პარტიულ დაფინანასებაზეც თქვი უარი. ეს იქნება სწორი. ეს არის უპასუხისმგებლობასთან ბრძოლა და არა პარტიების დასჯა”, — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც საპარლამენტო მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

კანონპროექტით, პარტია დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

პარლამენტმა აღნიშნული ცვლილებები გასული წლის დეკემბერში პირველი მოსმენით მიიღო, რის შემდეგაც ვენეციის კომისიას გაუგვზავნა. ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიმ კი საქართველოს მოუწოდა, საარჩევნო კოდექსში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და პარლამენტის რეგლამენტში რიგ შესწორებებს გადახედოს.

ვენეციის კომისიის და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი მოსაზრების თანახმად, საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას თანაბარ შესაძლებლობებზე, ართმევს მათ თავისუფალი საეთერო დროს, თუ საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია “ოცნების” კანონპროექტებს აკრიტიკებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი