ახალი ამბები

რა რისკებს ქმნის ოფშორში რეგისტრირებული 3200-მდე კომპანია საქართველოსთვის — კვლევა

10 ივნისი, 2021 • 1717
რა რისკებს ქმნის ოფშორში რეგისტრირებული 3200-მდე კომპანია საქართველოსთვის — კვლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო” მოუწოდებს ხელისუფლებას, ოფშორულ კომპანიებს რეალურ მფლობელთა გამჟღავნება მოსთხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” კვლევის თანახმად, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 3 200-მდე კომპანიაა, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი, სავარაუდოდ, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის, სამს — სიმბოლურ ფასად, 1 ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

TI-საქართველოს აზრით, ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნესსაქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ, რადგან ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს.

“ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია. 2016 წლის მაისში ლონდონში გამართულ ანტიკორუფციულ სამიტზე საქართველომ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების რეალური მფლობელების რეესტრის შექმნაზე განაცხადა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს”, — აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო”.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მათ ტერიტორიაზე ოფშორული კომპანიების საქმიანობის სტანდარტები გაამკაცრეს, რაც ძირითადად გამოიხატა საბოლოო ბენეფიციარების სავალდებულო გასაჯაროების მოთხოვნებში. 2020 წელს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რეკომენდაცია გამოსცა, პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესის დახმარების სამთავრობო პროგრამებიდან ოფშორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაფინანსება არ მიიღონ.

ოფშორული კომპანიები საქართველოში

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” კვლევის თანახმად, საქართველოში ოფშორული კომპანიები ძირითადად საქმიანობენ საქართველოში რეგისტრირებული შვილობილი კომპანიების მეშვეობით. ორგანიზაციამ დეტალურად შეისწავლა მხოლოდ 22 მსხვილი და საშუალო ზომის კომპანია, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს, სიდიდის, საჯარო ინტერესის და ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე შეირჩა.

ანგარიშის თანახმად, ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

თბილისი ენერჯი
2019 წლის ივლისამდე შპს „თბილისი ენერჯის“ იურიდიული სახელწოდება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იყო. 2018 წლამდე კომპანიის ოფიციალური მფლობელი იყო სს „ყაზტრანსგაზი“, რომელსაც აკონტროლებს ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა სს „სამრუკის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ მეშვეობით. 2018 წლის 4 ოქტომბერს კომპანიის 100%-იანი წილი შპს „ვოლთბეიმ“ შეისყიდა, რომელიც 2016 წლის 30 აგვისტოს მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 2018 წელს კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარია იყო.[13] 2019 წელს „ვოლთბეიში“ 50%-იანი წილი „Weco investment and finance S.A.“-მ შეისყიდა, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco investment and finance S.A.“-ს 100%-ის მფლობელი ,,HARRIMAN HOLDINGS LTD”-ია, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის საბოლო ბენეფიციარი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვია. „Weco investment and finance S.A.“-მა 2019-2021 წლებში „კავკასუს ონლაინის“ 100% შეიძინა. თუმცა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გარიგება სამართალდარღვევად ცნო და „კავკასუს ონლაინს“ გასხვისებული 100%-იანი წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის სამთვიანი ვადა განუსაზღვრა.[14] როგორც „თბილისი ენერჯის“, ასევე „კავკასუს ონლაინის“ მფლობელია ერთი და იგივე პიროვნება ნასიბ ჰასანოვი.
ვიონი საქართველო
შპს „ვიონი საქართველოს“ წილებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული სამი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 51%-ს, „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს და შპს „მირენ ინვესტ“ – 20%-ს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკოლოზ ჭიაურელი, მუჰთერემ კაან თერზიოღლუ (თურქეთი) და სერხი ერრერო ნოგუერა (ესპანეთი) არიან, ხოლო დირექტორი ანდჟეი ედვარდ მალინოვსკია (პოლონეთი). „ვიონი საქართველო“, რომელიც “ბილაინის” სავაჭრო ნიშნის მფლობელია, 2003 წელს დაარსდა. შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ მომზადებული 2019 ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო კონტროლს შპს „ვიონი“ ახორციელებს, რომელიც ჰოლანდიაში არის რეგისტრირებული. „ვიონის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას არ ჰყავს საბოლოო მაკონტროლებელი აქციონერი.
აიდიეს ბორჯომი
მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანია შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალია, რომელიც ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანია საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. სათავო კომპანიის 60%-ს (2019 წლის მდგომარეობით) „სი თი ეფ ჰოლდიგს ეს. ეი“ ფლობს, რომელიც ლუქსემბურგში არის რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.
ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
„ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 95%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „გრინფილდ ფაინენშიალ კორპ“ ფლობს, 5%-ს კი, გერმანიის მოქალაქე ორსტ კოსტა ჯიჩა. კომპანიის დირექტორი მამია ბერიძეა. 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“ 100% „გრინფილდ ფაინენშიალ კორპს“ ეკუთვნოდა, რომლის საბოლოო მფლობელი შმაგი ქემერტელიძე იყო. უცნობია, 2018 წლის შემდეგ შეიცვალა თუ არა ოფშრული კომპანიის მფლობელი.
რუსთავის ფოლადი
„რუსთავის ფოლადის“ 100% წილის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული შპს „Tolanius Beheer B.V.“-ია, დირექტორი კი ნუგზარ კაჩუხაშვილია. კომპანიის საბოლოო მფლობელი „Park Street Capital L.P“-ია, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი
„სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ 50%-ს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია ფლობს, 16.7%-ს – „ველ თრეიდინგ FZE” (არაბთა გაერთიანებული საამიროები), ხოლო 16.65-16.65%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიები – „Ornon International S.A“ და „Semiston Group Inc“ ფლობენ. ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ
„სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგის“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Comodon Holding“ ფლობს. კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბენეფიციარები გიორგი რამიშვილი (61.9%), ალექსი თოფურია (28.6%) და დევიდ ფრანც ბორგერი (9.5%) არიან.
სუფთა სახლი
„სუფთა სახლის“ 5%-იან წილს თამარ ღვინიაშვილი ფლობს, ხოლო 95%-ს – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „GRG Trading“, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „სუფთა სახლის“ დირექტორი ირაკლი ღვინიაშვილია.
ჯი-ემ-თი სასტუმროები
„ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 80%-ს სენტ-კიტსსა და ნევისში რეგისტრირებული კომპანია „ოტელ თბილისი ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, 20%-ს კი — საქართველოში რეგისტრირებული შპს „ჯი ემ თი უძრავი ქონება“. „ჯი ემ თი უძრავი ქონების“ 100%-ს „თბილისი რიალ ისთეით ჰოლდინგ კომპანი“ ფლობს, რომელიც ასევე სენტ-კიტსსა და ნევისში არის რეგისტრირებული. საბოლოო ჯამში, შპს „ჯი-ემ-თი სასტუმროების“ 100%-ის მესაკუთრე კომპანიები სენტ-კიტსსა და ნევისში არიან რეგისტრირებული. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია, დირექტორი კი გიორგი თავაძეა.
სანშაინ
„სანშაინის“ 90%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია GANNADO WORLDWIDE S.A ფლობს, ხოლო 10%-ს -კვიპროსზე რეგისტრირებული Solna Leisure Holdings Limited. კომპანიის დირექტორი ნინო ბაქრაძეა. შპს „სანშაინ“ 2000 წელს დაფუძნდა და 2016 წლის თებერვლამდე შპს „კაზინო აჭარას“ სახელით ფუნქციონირებდა. კომპანიის ძირითადი საქმიანობა აზარტული თამაშების ბიზნესია
ჯორჯიან პეტროლიუმი
„ჯორჯიან პეტროლიუმის“ 50%-ს სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „აკერტ გრუპ ეს.ეი“ ფლობს, 25%-ს — ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „გეითლაინ პროჯეკტს ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს — საქართველოში რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჯორჯია“. თუმცა, „ფრენფილდ ჯორჯიას“ 100%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ფრენფილდ ჰოლდინგს“ არის. აღნიშნული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ჯორჯიან პეტროლიუმის“ დირექტორი ნოდარ კვირიკაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ირაკლი იაშვილი, გიორგი ჯაფარიძე და როვშან მამმადოვი (აზერბაიჯანი) არიან.
ჯეოსთილი
„ჯეოსთილის“ 90%-ის მფლობელი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს Georgian Steel Group Holdings Limited-ია, 10%-ს კი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია შპს „JSW Steel B.V“ ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ინდოეთის მოქალაქე ბალაკრიშნან საჯივია. ვირჯინიის კუნძულებზე და ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიების საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
სერვის ნეტ გრუპი
„სერვის ნეტ გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „იუპიტერ ფინანს ლიმიტედი“, ხოლო დირექტორი ლევან ურუშაძეა. „იუპიტერ ფინანს ლიმიტედის“ საბოლოო მფლობელი ასევე მალტაზე 2012 წელს რეგისტრირებული კომპანია „არტიო თრუსთის ლიმიტედ“ არის, რომლის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
მარსი
“მარსის” 51%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს ფლობს, 24%-ს -ლევან ახვლედიანი, 10%-ს -რუსეთის მოქალაქე კნიაზ დასენი (პარლამენტის წევრის ისკო დასენის შვილი), 5-5%-ს -ვანო გიგლემიანი, კობა გიგლემიანი და გიორგი ჩხაიძე. 2019 წლის ივლისამდე „Bwin Holdings (Malta) Limited“-ს „Kaiane Services (Malta) Limited“-ს ერქვა. „Kaiane Services (Malta) Limited“ შპს „მარსის“ 51%-იანი წილის მფლობელი 2019 წლის მაისში გახდა. „Bwin Holdings (Malta) Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მულტიბრენდული ინტერნეტ პლატფორმის www.crystalbet.com-ის საქმიანობის წარმართვაა, რომელიც ონლაინ ტოტალიზატორს, ონლაინ კაზინოს და სხვა ონლაინ თამაშებს მოიცავს.
გდგ
“გდგ“-ის 85%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია „Mandalor LTD“ ფლობს, 10%-ს – ვლადიმერ დარჩიაშვილი, ხოლო 5%-ს – მაია ბიწკინაშვილი. კომპანიის დირექტორი ლევან ლანდიაა. „Mandalor LTD“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. შპს „გდგ“-ის ძირითად საქმიანობას ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა წარმოადგენს.
რითეილ ჯგუფი
„რითეილ ჯგუფის“ 26.7%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“ ფლობს, 30%-ს – საქართველოში რეგისტრირებული შპს „ქისთოუნ ინვესთმენთს“, 20%-ს – შპს „ჯიბისი ინვესტი“, 13.3%-ს – შპს „მეიდანზე“, ხოლო 10%-ს – შპს „რითეილ ინვესთმენთს“. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Dolnay Consultants“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „რითეილ ჯგუფის“ დირექტორი ცეზარ ჩოჩელის ძმა – ლაშა ჩოჩელია. ცეზარ ჩოჩელი 2020 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი მეორედ გახდა. პირველად პარლმენტის წევრი 2004-2008 წლებში იყო. „რითეილ ჯგუფის“ ძირითადი საქმიანობა „მაგნიტის“ ბრენდის ქვეშ საცალო მაღაზიებით ვაჭრობაა. კომპანიას 260 მაღაზია აქვს.
ალიუდ იუნიტას ჯორჯია
„ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“ ფლობს, 30%-ს – რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს -ლევან ქორქაშვილი. „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“ 2015 წლის ნოემბერში დაარსდა და მისი დირექტორი რუსეთის მოქალაქე ალექსანდერ იუდინია. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „Peftersona Limited“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. „ალიუდ იუნიტას ჯორჯიას“ ძირითად საქმიანობას სამორინე და სათამაშო ბიზნესი წარმოადგენს, დამატებითი საქმიანობა კი სარესტორნო მომსახურება და ვალუტის გაცვლაა. მას ეკუთვნის გასართობი ცენტრი „ECLIPSE”, რომელიც ბათუმში მდებარეობს.
გუდაური სქი რესორტ
გუდაური სქი რესორტის“ 100%-ს მავრიკზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ჯორჯიან ინვესტმენტს ლიმიტედი“ ფლობს, დირექტორი კი ირაკლი მინაშვილია. მავრიკზე რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
ალმა
„ალმას“ 100%-ს მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „Meridian Malta“ ფლობს, დირექტორი კი გიორგი ტრაპაიძეა. „Meridian Malta“-ს საბოლოო ბენეფიციარები ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ ფხაკაძე (50% წილი) არიან. „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული.
ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი
„ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ 100%-ს კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ICTSI Georgia Corp“ ფლობს, დირექტორი კი ნიკოლოზ გოგოლია. „ICTSI Georgia Corp“-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
რუსთავის ავტობაზრობა
„რუსთავის ავტობაზრობის“ 100%-ს ბელიზში რეგისტრირებული კომპანია შპს „მიკადო ინვესტმენტს“ ფლობს, დირექტორი კი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია. „მიკადო ინვესტმენტსის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.
ფოთის მარცვლეულის ტერმინალი
„ფოთის მარცვლეულის ტერმინალის“ 51%-ს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 49%-ს – შპს „აგრიკომი“. კომპანიის დირექტორები ქეთევან კუბლაშვილი და რუსეთის მოქალაქე აბას მამედოვი არიან. „აგრიკომის“ მფლობელი კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” კვლევის თანახმად, მოხერხდა ისეთი 10 (ერთით მეტი, ვიდრე 2018 წლის კვლევაში) ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 10 კომპანია, თავის მხრივ, 26 ქართულ კომპანიას ფლობს.

კვლევის თანახმად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია:

  • Finseck Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს „ექსპრეს-სერვისი“, შპს „ლიზინგი ოცდამეერთე“, შპს „თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია“, შპს „კომპლექს-სერვისი“;
  • Vanity Overseas (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „მადა“, შპს „აკვა ცენტრი“;
  • Gilmar Holding (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰოლდინგი ოცდამეერთე“, შპს „ქართული ჰოლდინგი“;
  • Krista Investments Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“;
  • Ringold Finance Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰორიზონტი“, შპს „ახალი სერვისი“
  • Limestone Finance International SA (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 7 კომპანიას: შპს „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“;
  • Fresno Management Limited (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 3 კომპანიას: შპს „ინტერ კონსალტინგ+“, შპს „ქართუ მენეჯმენტი“, შპს „ქართუ მშენებელი“;
  • Vasilia Enterpreises (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ფინსერვისი-XXI“, შპს „ფინ-სერვისი“;
  • Tarpan Management Limited (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ინტერ-სერვისი“, შპს „მენეჯმენტ სერვისი“;
  • Frankston International (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს 1 კომპანიას: შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ (თანაინვესტირების ფონდი).

რეკომენდაციები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა — გამჭვირვალობის” აზრით, საქართველოში აუცილებლად არის შესამუშავებელი გარკვეული წესები ოფშორულ კომპანიებთან მიმართებით. კერძოდ, საქართველომ უნდა შეასრულოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების რეალურ მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები ან მათი შვილობილი კომპანიები სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში, სახელმწიფო შესყიდვებში ან სახელმწიფოს დაფინანსებულ ნებისმიერ სხვა პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი