ნეტგაზეთი | ჩვენ შეგვეძლო ქალაქში გვეცხოვრა, მაგრამ ვამჯობინებთ სოფელი – ოჯახი დიდაჭარიდან ჩვენ შეგვეძლო ქალაქში გვეცხოვრა, მაგრამ ვამჯობინებთ სოფელი – ოჯახი დიდაჭარიდან – Netgazeti
Batumelebi | RU

ჩვენ შეგვეძლო ქალაქში გვეცხოვრა, მაგრამ ვამჯობინებთ სოფელი – ოჯახი დიდაჭარიდან

მაისში აჭარაში განსაკუთრებული სურნელია. მთისკენ თუ აიღებთ გეზს, გირჩევთ, ავტომანქანის ფანჯრები ბოლომდე ჩამოსწიოთ. კი არის ყველაფერი მწვანე, მაგრამ აკაციის ყვავილები თავის თეთრ ხაზებს აუცილებლად გამოკვეთს ამ პეიზაჟში და კრიალა ჰაერსაც გააჯერებს გამაბრუებელი ნექტრის სურნელით.

აჭარა

მთიან აჭარაში ამ დროს მიწა უკვე დამუშავებულია და  მოსახლეობა ძირითადად ნარგავების განაწილებით არის დაკავებული. ამ მშვენიერ გზაზე ერთ ოჯახში შევჩერდებით, ფუტკრებივით მშრომელი ადამიანების და თავად ფუტკრების სამოსახლოში.

ფუტკრის სკები

სოფელი დიდაჭარა ხულოს რაიონში მდებარეობს, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. ჩვენი გმირები – ჯამბულ წულუკიძე და ლია დეკანაძეც აქ ცხოვრობენ.

ლია დეკანაძე

ლია დეკანაძე თავის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გვიყვება:

“დილით ადრე, 7 საათზე ვდგები. დღის ამ ნაწილში დილის საოჯახო საქმეებით ვარ დაკავებული, ქმარს ვაცილებ სამსახურში, შემდეგ თავს ვიწესრიგებ და მე და ჩემი შვილი ერთად მივდივართ სკოლაში. ჩემი უმცროსი შვილი სკოლაში სწავლობს, მე კი უკვე 26 წელია პედაგოგად ვმუშაობ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქალიშვილი ქალაქში სწავლობს და შეგვეძლო ჩვენც იქ გვეცხოვრა, მაინც ვამჯობინებთ აქაური, სოფლის ცხოვრება.”

“სკოლიდან დაღლილი რომ მოვდივარ, მერე მახსენდება, რომ ფუტკრებთან ვარ წასასვლელი ან უკვე საღამოა და ბოსტანში ნარგავები მაქვს მოსარწყავი. ასე საქმეში გადის დრო და დაღლასაც ვეღარ ვგრძნობ.

თავიდან მეშინოდა, რა თქმა უნდა, ფუტკრებთან მუშაობა, მაგრამ ახლა დღე ისე არ გავა, რომ ჩემი ზუზუნა მეგობრები არ მოვინახულო.”

ლია დეკანაძემ მეფუტკრეობა განავითარა აჭარისწყალი ჯორჯიას დახმარებით, რომელმაც საწყის ეტაპზე მას ფუტკრების სამი ოჯახი, ეკიპირება და პესტიციდები გადასცა.

ლიას მეუღლე, ჯამბულ წულუკიძე, აჭარისწყალი ჯორჯიას სოციალური გუნდის ოფიცერია და აქტიურადაა ჩართული რეგიონში კომპანიის მიერ განხორციელებული სოციალური პროექტების დაგეგმვასა და მოსახლეობასთან დიალოგში.

” 2013 წლიდან ვმუშაობ კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიაში მოსახლეობასთან ურთიერთობის მიმართულებით. ჩვენი მოვალეობა იყო ყოველდღიურად შევხვედროდით მოსახლეობას და მათთან მიგვეტანა ინფორმაცია, თუ რა კეთდებოდა და როგორ. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი გამოწვევებით იყო სავსე და იმის დამსახურებით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ხალხთან სწორი კომუნიკაცია იყო და დასაქმებულებიც ძირითადად ადგილობრივები ვიყავით, ეს პრობლემები გადაილახა.

შუახევიჰესის მშენებლობის პერიოდში დაახლოებით ათასამდე ადამიანი იყო დასაქმებული სხვადასხვა კარგად ანაზღაურებად პოზიციაზე. ამან განაპირობა ის, რომ მათი ოჯახები ფინანსურად გაძლიერდნენ და დღეს აღარ ფიქრობენ სოფლის დატოვებაზე”.

ჯამბულ წულუკიძე

“ის, რომ თავად ჰესი დღეს წარმატებით ოპერირებს, გამოიმუშავებს და აწვდის ქვეყანას ელექტროენერგიას, დიდწილად ხალხთან სწორი კომუნიკაციის და დიალოგის დამსახურებაა. ამ პერიოდში ხორციელდებოდა და დღესაც მიმდინარეობს არაერთი სოციალური პროექტი, რომლებიც  ადგილობრივი თემის ჩართულობით და საინიციატივო ჯგუფების მობილიზებით დაიგეგმა.

წინასწარ ფიქსირდებოდა იდეები, სოფლის საჭიროებები და ერთობლივი მოლაპარაკებებით წყდებოდა კონკრეტული პროექტის განხორციელება. ამგვარი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სოფლის მოსახლეობამ უკეთ იცის, თუ რა სჭირდება მას ყველაზე მეტად.

სწორი განვითარებით და მიდგომებით სოფელი ყოველთვის იქნება ხალხით სავსე,” – ამბობს ჯამბულ წულუკიძე.


კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა.

საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა მოიცავს მხოლოდ იმ მესაკუთრეებს, რომელთა მიწის ნაკვეთები პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოექცა. პროგრამის მიზანია დაეხმაროს მესაკუთრეებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში და ამგვარად გაზარდოს მათი პროდუქტიულობა. საარსებო გარემოს აღდგენის პროგრამა მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს:

  • მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა;
  • თხილის წარმოება.

მხოლოდ მეფუტკრეობის განვითარებისთვის 89 დამწყებ და გამოცდილ ფერმერს გადაეცა ფუტკრის ოჯახები სრული აღჭურვილობით და საჭირო პესტიციდებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი