ახალი ამბები

“მოგესალმებით, ბატონო ბიძინა” – დეპუტატი ენმ-დან პარლამენტში

9 ივნისი, 2021 • 2509
“მოგესალმებით, ბატონო ბიძინა” – დეპუტატი ენმ-დან პარლამენტში

„მოგესალმებით, ბატონო ბიძინა“ – ასე დაიწყო თავისი პირველი გამოსვლა მეათე მოწვევის პარლამენტში ენმ-ის წევრმა და დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა.

მამულაშვილმა თავის გამოსვლაში გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო მმართველობა, კერძოდ კი თქვა:

„მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, იმიტომ, რომ დანარჩენი ეს ფასადი, რაც აქ გყავთ შემოყვანილი, ეს უბრალოდ კომპრომატებითა და შანტაჟით შემოყვანილი ხალხია, რომელმაც მოპარა საქართველოს მოსახლეობას არჩევანი და დღეს, პრინციპში, სახეშიც ვერ უყურებენ მოსახლეობას, ვინაიდან მძიმეა, როდესაც ქურდობ, მძიმეა, კომპრომატის მსხვერპლი იყო და მონობაში საკუთარი ნებით ჩაბარდე. მაგრამ რა გვაქვს ჩვენ დღეს – ჩვენ გვაქვს მიტაცებული სახელმწიფო, გაპარტახებული ეკონომიკა, მართული სასამართლო, ერთი კაცის ხუშტურებზე მორგებული კოლექტიური ბიძინა ივანიშვილები, გაზრდილი კრიმინალი, კორუფცია, გაპარტახებული ბიზნესი, კოვიდ ინფექცია, რომელიც ვერ მართეთ.

სახელმწიფო არის დანგრევის ზღვარზე მისული, იმიტომ, რომ ვერაფერი გააკეთეთ და აქ არის საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი თქვენ დღეს გიყურებთ როგორც არასანდო პარტნიორსა და პოლიტიკურ ძალას. რაზე გვაქვს ლაპარაკი, როდესაც ქვეყანას დასავლური ღირებულებები დააკარგვინეს“, – აცხადებს ის.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. დღევანდელი, 9 ივნისის სესია პირველია, რომელშიც პარტიის დეპუტატები სიტყვით გამოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი