ახალი ამბები

რომელ კანონშია, რომ ამნისტია აუცილებლად უნდა მივიღოთ? — დეპუტატის შეკითხვა

9 ივნისი, 2021 • 1488
რომელ კანონშია, რომ ამნისტია აუცილებლად უნდა მივიღოთ? — დეპუტატის შეკითხვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების” მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, “ევროპელი სოციალისტების” წევრმა ფრიდონ ინჯიამ მომხსენებელს, ანრი ოხანაშვილს ჰკითხა, არსებობს თუ არა კანონი, რომელიც პარლამენტს ამნისტიის მიღებას ავალდებულებს.

“რომელ კანონშია ის, რომ ეს ამნისტიის კანონი ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ? არის თუ არა ასეთი კანონი? რამდენად დაზარალდება ჩვენი საზოგადოება, თუ ჩვენ არცერთ ამ კანონს არ მივიღებთ?”, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

რა მოხდება, თუ პარლამენტი ამნისტიას არ მიიღებს, ასევე, დაინტერესდა დეპუტატი უმრავლესობიდან ლადო კახაძე.

ამნისტია არის არასავალდებულო, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე აქტი, რომელსაც პარლამენტი პერიოდულად იღებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელი მოწერილი აქვს ფრიდონ ინჯიასაც. დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ინჯიას უპასუხა, რომ ამნისტიის მიღების აუცილებლობაზე სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტში წერია.

შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” და ოპოზიციის კანონპროექტები განიხილება. რაც შეეხება ენმ-ს, პარტია აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ არცერთ კანონპროექტს არ უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი