ახალი ამბები

პრეზიდენტის თქმით, არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღება ამომრჩევლის მოსყიდვაა, თუმცა მას ხელი მაინც მოაწერა

28 სექტემბერი, 2024 •
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების წინ ამნისტიის კანონის მიღება ამომრჩევლის მოსყიდვაა, თუმცა მას ხელი მაინც მოაწერა

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება “არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა”. თუმცა, “პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ამნისტიის შესახებ კანონს”.

“ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტია სხვადასხვა დროს და ფორმით 6 000-მდე პატიმარს შეეხება, საიდანაც 1 000-ზე მეტი ამნისტიის კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს საპატიმროს, ხოლო 5 000-ზე მეტი დატოვებს ეტაპობრივად, სხვადასხვა დროს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი