პენიტენციური სამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც განმარტავს, რატომ გაუმკაცრა სინდისის პატიმარს ზვიად რატიანს ციხეში ყოფნის პირობები.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ეს გააკეთეს თავად რატიანის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
“მსჯავრდებულ ზვიად რატიანს საშიშროების მომეტებული რისკი პენიტენციური კოდექსისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის №395 ბრძანების შესაბამისად განესაზღვრა. საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში.
გადაწყვეტილების მიღებისას კომისიამ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის დარჩენილი პერიოდის სამარტოო საკანში მოხდასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულისთვის საშიშროების ინდივიდუალური რისკი განისაზღვრა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. მსჯავრდებულს (მის წარმომადგენელს) შეუძლია, გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.
ზვიად რატიანის მიერ “პუბლიკისთავის” გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ის უკვე 6 თვეა საკუთარი სურვილით იხდის სასჯელს სამარტოოს საკანში და ის, რომ კოლონიურ, ღია სივრცეში ყოფნის საშუალება არ ექნება, მისთვის უმნიშნელო პრობლემაა. თუმცა მისთვის პატიმრობის რეჟიმის გამკაცრება ეხება მისთვის მტკივნეულ საკითხსაც.
“მეორე და ჩემთვის მტკივნეული განსხვავებაა ისაა, რომ დახურული წესით მინიმუმადე მცირდება თვიური ხანმოკლე და წლიური ხანგრძლივი პაემანების რიცხვი.
საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან, ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი”, – წერს რატიანი.
“ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს, დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემნების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.
მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი.
თანასაკნელები ისედაც არ მყავს, ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი”, – აცხადებს სინდისის პატიმარი.
