ნეტგაზეთი | ჰარცელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები ამნისტიის საერთო დოკუმენტზე შეთანხმდებიან ჰარცელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები ამნისტიის საერთო დოკუმენტზე შეთანხმდებიან – Netgazeti
Batumelebi | RU

ჰარცელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები ამნისტიის საერთო დოკუმენტზე შეთანხმდებიან

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი იმედოვნებს, რომ დეპუტატები ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შეთანხმდებიან.

“ვფიქრობ, საწყისი წერტილი, რაც გვაქვს 2 თუ მეტი სამუშაო ვერსიით, კიდევ ტოვებს შესაძლებლობას ერთი დოკუმენტზე შეჯერებისთვის, რაც 19 აპრილის დოკუმენტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პუნქტია. ეს არის, რისი იმედიც მაქვს”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორობით მომზადებული დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას ითვალისწინებს. დოკუმენტზე ხელმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და/ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

შეთანხმებით გათვალისწინებული ამნისტიის შესახებ საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” და ოპოზიციის კანონპროექტები განიხილება. რაც შეეხება ენმ-ს, პარტია აცხადებს, რომ ამნისტიის შესახებ ინიცირებულ არცერთ კანონპროექტს არ უჭერს მხარს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.