ახალი ამბები

გახარია ამბობს, რომ გადადგომამდე ივანიშვილთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ

8 ივნისი, 2021 • 1331
გახარია ამბობს, რომ გადადგომამდე ივანიშვილთან დაკავშირება სცადა, მაგრამ უშედეგოდ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ გადადგომამდე სცადა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირება, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

“მე მქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირების მცდელობა სწორედ მაშინ, როდესაც დავრწმუნდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ამის არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და ვერასოდეს ამას ვერ გაბედავდნენ, ერეოდნენ ჩემს კომპეტენციაში, მქონდა მცდელობა დაკავშირების, რომ გამერკვია, რა ხდებოდა. ეს კავშირი ვერ შედგა და მერე დავუძახე ჟურნალისტებს” ,— თქვა გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას “რეაქციაში”. მან არ ისურვა დაკონკრეტება, ივანიშვილმა მის ზარს უბრალოდ არ უპასუხა, თუ ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რატომ ურეკავდა ივანიშვილს, თუ ის არ არის არაფორმალური მმართველი, რის თქმას აპირებდა მისთვის.

“ყველაფრის მიუხედავად, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მე პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დამასახელა ბიძინა ივანიშვილმა. მე, რა თქმა უნდა, ვაფასებ იმ ღვაწლს, რაც ამ ადამიანს ქვეყნის წინაშე აქვს, უპასუხისმგებლობა იქნებოდა, მე არ დამესვა ის კითხვა, რაც მქონდა”, — ამბობს გახარია. ის ასევე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არ ჰქონია მასთან კომუნიკაცია და არც გახარია უკავშირდებოდა მას. გამონაკლისი იყო სწორედ 2021 წლის 18 თებერვალი, როცა გახარიამ გადადგომა გადაწყვიტა.

“ის, რომ ჩემს ბოლო კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, ჩემთვის პასუხი იყო”, — ამბობს გახარია.

გახარიამ გადადგომის შესახებ 2021 წლის 18 თებერვალს განაცხადა მაშინ, როცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი პარტიის ოფისში მხარდამჭერებთან ერთად იყო გამაგრებული და არ ემორჩილებოდა პოლიციას, რომელსაც მისი დაკავება სურდა. გახარიამ მაშინ აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება მელიას დაპატიმრებას, თუ ეს დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნის ქვეყანაში.

“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება]  უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის.  ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, — თქვა გახარიამ.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 2021 წლის 11 იანვარს განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი