ახალი ამბები

“ივანიშვილის განცხადება შეიქმნა, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი გავლენა” — გახარია

8 ივნისი, 2021 • 903
“ივანიშვილის განცხადება შეიქმნა, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი გავლენა” — გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ  7 ივნისს გავრცლებული წერილის მიზანი პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენაა.

“ეს განცხადება შექმნილია იმისთვის, რომ პოლიტიკურ ველზე ჰქონდეს პირდაპირი ზეგავლენა”, — თქვა გიორგი გახარიამ ტვ “პირველის” ეთერში.

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვება სახელმწიფოსა და გუნდის ღალატად შეაფასა.

“სიმართლე გითხრათ, ველოდი, მაგრამ არ ველოდი ასე სწრაფად და ასეთი ფორმით. ველოდი ჩემთვის აბსოლუტურად ობიექტური რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს, არც ინტელექტუალური, არც მორალური. სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა”, — თქვა გახარიამ.

გახარია ამბობს, რომ არ საუბრობს ყველაზე “ქართულ ოცნებაში”, რადგან მიაჩნია, რომ იქ “ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია, რომლებიც იბრძვიან სახელმწიფოსთვის. თუმცა ამოწურულია იმ ადამიანების რესურსი, ვინც პარტიაში ამინდს ქმნის”.

“ივანიშვილის ეს განცხადება ჩემთვის მისი ტონალობით იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. ამ განცხადებაში ორი საკითხია: 1. გიორგი გახარია ჩემი პროექტი არ არის; 2. გიორგი გახარია მოღალატეა.

ფსიქოლოგიურად ძალზედ სწორად დალაგებული განცხადებაა, სადაც არის ერთი სიმართლე — გიორგი გახარია არ არის და ვერ იქნება  ივანიშვილის პროექტი. მეორე არის ტყუილი, ვითომ ჩვენი წარმომადგენლები ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენ ვართ “ოცნება 2″, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან, მორალურად ჩაფენილია, რომ გახარიამ უღალატა სახელმწიფოსა და გუნდს. სხვა ყველაფერი იქ არის წყალი და ბელეტრისტიკა, არაფერი მნიშვნელოვანი იქ არ არის”, — მიიჩნევს გიორგი გახარია.

მან გაიხსენა “ქართული ოცნების” ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრლადება, რომლის მიხედვითაც, გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილთან ერთად საქართველოში თავისი გადადგომით გეგმავდა პოლიტიკური ვითარების ესკალაციას და რევოლუციურ სცენარს.

“ორი დღით ადრე პარტიის თავმჯდომარე გამოვიდა და რაღაც ბოდვები ილაპარაკა. ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო გაპრავებულად დაერქვა ღალატი იმისთვის, რაც ჩემთვის არის ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო ინტერესების მსახურება”, — ამბობს გახარია, რომელმაც ცოტა ხნის წინ დააფუძნა პარტია “საქართველოსთვის”. მის გუნდს “ოცნების” რამდენიმე ყოფილი წევრი და ჩინოვნიკი შეუერთდა.

რაც შეხება ბიძინა ივანიშვილს, მან 2021 წლის იანვარში თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ წავიდა და პროცესებში არ ჩაერეოდა. გახარიასთან დაკავშირებით გავრცელებული წერილი იყო მისი პირველი საჯარო კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი