ახალი ამბები

ენმ-ის წევრები პარლამენტში მივიდნენ

8 ივნისი, 2021 • 883
ენმ-ის წევრები პარლამენტში მივიდნენ

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები პარლამენტში მივიდნენ. დღეს დილიდან პარლამენტთან აქცია იმართებოდა. როგორც რომან გიცირიძემ “ტვ პირველს” უთხრა, სამუშაოდ შემოვიდნენ და მზად არიან მხარი დაუჭირონ სასარგებლო კანონპროექტებს, ვისი ინიცირებულიც არ უნდა იყოს:

“ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ დღესვე ვიწყებთ მუშაობას. ვნახავთ კანონპროექტებს და ყველა კანონში, სადაც იქნება კარგი ინიციატივა, ვისი წარმოდგენილიც არ უნდა იყოს, უმრავლესობა იქნება ეს თუ ოპოზიციის სხვადასხვა ფრაქციები, მხარს დავუჭერთ. თუ ცუდი იქნება, მის დაბლოკვას შევეცდებით, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია. სამუშაოდ შემოვედით, საქმის საკეთებლად შემოვედით აქ.”

პარლამენტში ენმ-ის 32- დეპუტატიან ფრაქციას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს, მოადგილეები კი, ლევან ბეჟაშვილი, ნატო ჩხეიძე და გიორგი ბოტკოველი იქნებიან.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სირცხვილის კორიდორის მოსაწყობად პარლამენტის უკანა შესასვლელთან ახალგაზრდები იყვნენ შეიკრიბილი. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ისინი არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ და უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი