ახალი ამბებიკომენტარი

დროსტენი: „პოპულაციური იმუნიტეტი“ არ იმუშავებს

8 ივნისი, 2021 • 7939
დროსტენი: „პოპულაციური იმუნიტეტი“ არ იმუშავებს

გერმანელმა ვირუსოლოგმა და შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ქრისტიან დროსტენმა შვეიცარიულ გამოცემა „რეპუბლიკასთან“ პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით:

  • ამ კორონავირუსის შემთხვევაში ე.წ. „პოპულაციური იმუნიტეტის“ მიღწევა შეუძლებელია;
  • მოსახლეობის 100% „ან ვაქცინირებული, ან ინფიცირებული იქნება“;
  • ვირუსის მუტაციის შედეგად არსებული ვაქცინები გამოუსადეგარი არ გახდება;
  • ბავშვების ვაქცინაცია სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა.

„ნეტგაზეთი“ ინტერვიუს ნაწილის ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

შვეიცარიაში ცოტას საუბრობენ იმის შესახებ, როგორ აღმოვჩნდით პანდემიაში, მაგრამ კამათია იმის შესახებ, როგორ უნდა დავაღწიოთ მას თავი – მოსახლეობის მესამედს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული. რესტორნები, ბარები, მაღაზიები – ყველაფერი ღიაა, მოდის ზაფხული. ინფიცირების დონე ეცემა. ის მაინც მაღალ დონეზე რჩება, მაგრამ სტაბილურად ქვემოთ მიდის. დასრულდა თუ არა პანდემია ჩვენთვის, ვაქცინაციის ამ მაჩვენებლით?

ინფექციური დაავადება ვრცელდება და გიწევს ჩარევა, მათ შორის „ლოქდაუნის“ მეშვეობით, რადგან სხვა არაფერი გაქვს. ახლა გვაქვს კიდევ ერთი ზომა, რომელიც [დაავადების] გადაცემას სხვა ყველაფერზე კარგად ამცირებს – ვაქცინაცია. მაღალ ტემპერატურასთან ერთად, რომლის პირობებშიც გადაცემა დაახლოებით 20 პროცენტით მცირდება, [ინფიცირების] მაჩვენებელი ქვემოთ მიდის. საქმე კი ის არის, რომ ზომები ძალიან სწრაფად არ უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში [დაავადება] კვლავ დაგვარტყამს. მისი შეკავება პროპორციულადაა საჭირო. აქ პოლიტიკის გარეშე არ გამოვა, ანუ მარტო მეცნიერებაზე დაფუძნებით ვერ ვიმოქმედებთ,უ ნდა იყოს კომპრომისი.

მივაღწევთ თუ არა „პოპულაციურ იმუნიტეტს“?

ახსენით, რას გულისხმობთ.

როდესაც, წყაროს გააჩნია, [მოსახლეობის] 70, 80 ან 90 პროცენტი ვაქცინირებულია ან ვირუსისგან იმუნიტეტი აქვს და ვირუსს ცირკულირება აღარ შეუძლია. ეს ნიშნავს, რომ დაცულნი არიან ისინიც, ვისაც ვაქცინაცია არ გაუვლია.

ეს არ იმუშავებს.

რას გულისხმობთ?

დასაწყისიდანვე ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. რა იგულისხმება პოპულაციურ იმუნიტეტში? რომ 70 პროცენტს ექნება იმუნიტეტი ინფიცირების ან ვაქცინაციის შედეგად და დანარჩენები ვირუსით აღარ დაავადდებიან. ამ ვირუსის შემთხვევაში ასე არაა. ყველა, ვინც არ იქნება ვაქცინირებული, ინფიცირდება. ტერმინი „პოპულაციური იმუნიტეტი“ ვეტერინარიიდან მოდის, სადაც ასეთ გათვლებს აკეთებდნენ საწყის წლებში, მაგალითად, მსხვილი რქოსანი საქონლის ვირუსების შემთხვევაში. ისინი ძალიან გადამდებია, მაგრამ ვაქცინაციით მათი შეკავება შესაძლებელია. ამ შემთვევაში შესაძლებელია ასეთი გათვლების გაკეთება: გვყავს იზოლირებული პოპულაცია, რამდენი ცხოველის აცრაა საჭირო ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად? აქედან მოდის ეს ტერმინი.

ადამიანები ჯგუფებში არ ცხოვრობენ.

ადამიანები დახურულ ჯგუფში არ არიან. გვაქვს მოგზაურობა, და მის გარეშეც არის მეზობელი სოფელი, კიდევ ერთი მეზობელი სოფელი და ასე შემდეგ. ასე ვრცელდება ვირუსები. რამდენიმე წელიწადში მოსახლეობის ასი პროცენტი ან ვაქცინირებული, ან ინფიცირებული იქნება. ამის შემდეგაც კი კორონავირუსით (Sars-2-ით) ინფიცირება გაგრძელდება, მაგრამ ეს აღარ იქნება პირველი ინფიცირება.

ბოლო კვირებში ვაქცინების გლობალურ უთანასწორობაზე ბევრი ვისაუბრეთ. როცა მილიარდობით ადამიანი ვაქცინირებული არაა, ვირუსს შეუძლია მუტირების გაგრძელება. თუ რაღაც მომენტში მას ხრიკები გაუთავდება?

უფრო მეორე ვარიანტი.

რატომ?

ამის გასაგებად უნდა ვისაუბროთ იმუნურ სისტემაზე, რომლის სხვადასხვა ნაწილებიც ინფიცირებისგან და დაავადებისგან გვიცავენ. ანტისხეულები, რომლებიც ინფექციისგან გვიცავენ, ვირუსს მხოლოდ ზოგიერთ ადგილებში ცნობენ. ამიტომ, შეიძლება შედარებით მალე დავინფიცირდეთ, თუ ვირუსმა მუტირება ამ ადგილებში განიცადა.

მაგრამ?

სულ ოდნავ გავხდებით ცუდად. რადგანაც იმუნური სისტემის ნაწილი, რომელიც დაავადებისგან გვიცავს, უფრო მდგრადია. ვაქცინაცია, შესაბამისად, გვიცავს სერიოზულად დაავადებისგან რამდენიმე წლის განმავლობაში. ამაზე პასუხისმგებელნი არიან ე.წ T-უჯრედები, რომლებიც, ანტისხეულებისგან განსხვავებით, დიდად არ დარდობენ ვირუსის მცირე მუტაციაზე. მათ ვირუსის ცნობა მაინც შეუძლიათ სხვადასხვა მახასიათებლით, რომელთა ნაწილიც მუტაციის შედეგად შეიძლება დაიკარგოს.

ეს ნიშნავს, რომ წუხილი იმის შესახებ, რომ ვირუსი ცირკულირებს, მუტირებას გააგრძელებს და არსებული ვაქცინები უსარგებლო გახდება, არაა გამართლებული?

სხვადასხვა კონტინენტზე გავრცელებული ვირუსების ვარიანტები დიდად განსხვავებული არაა. ვიროლოგიული ხედვიდან გამომდინარე გვაქვს მიზეზები ვიფიქროთ, რომ ვირუსს აღარ დარჩა იმაზე მეტი საჩვენებელი [ხრიკი] გარდა იმისა, რაც უკვე გამოავლინა. კორონავირუსები უფრო ნელა და ნაკლებად ძლიერად განიცდიან მუტაციას, განსხვავებით, მაგალითად, გრიპის ვირუსისგან, რომლებსაც რეალურად პანდემიის უფრო დიდი პოტენციალი აქვს. ვერ წარმომიდგენია [კორონავირუსის] მუტაცია, რომელიც ვაქცინირებულ ადამიანებს უფრო სერიოზულად დააავადებს.

რა ელით მათ, ვინც შემოდგომისთვის არ იქნება ვაქცინირებული — ბავშვებს?

ტექნიკური მხრიდან მათი ვაქცინაცია შესაძლებელია. რთულად წარმოსადგენია, რომ უცებ ნათელი გახდება, თითქოს ვაქცინაცია საფრთხეს წარმოადგენს ბავშვებისთვის და არის უცნობი რისკები, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ამ ეტაპზე არის ცნობილი. დიდი შეკითხვაა ბავშვების ინტერესებზე – მათი ვაქცინაციით სკოლები ჩვეულებრივ იმუშავებენ, მაგრამ როგორ გადაიტანენ ისინი დაავადებას? ზუსტად ახლა ვერავინ იტყვის. რამდენ ბავშვს აქვს სიმპტომები ინფიცირების, თუნდაც საშუალო დონის ინფიცირების შემდეგ? ახლახან გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დაახლოებით 4,5%-ს კვლავ აქვს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა და დაღლილობა ერთი თვის შემდეგაც კი. გსურთ ეს თქვენი შვილებისთვის? ოთხი პროცენტი ცოტა არაა. კიდევ ერთი – ე.წ. მულტისისტემური ანთების სინდრომი, რომელიც რამდენიმე ათას შემთხვევაში ერთხელ გვხვდება. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც ექვს თვემდე შეიძლება იყოს აქტიური. მშობლის თვალსაზრისიდან, მე მინდა ჩემმა შვილებმა ვაქცინა გაიკეთონ. არ მსურს გარისკვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი