ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტით იზრდება – “მედიის უფლებები”

7 ივნისი, 2021 • 1014
კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტით იზრდება – “მედიის უფლებები”

არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის უფლებების” ინფორმაციით, 2021 წლის გეგმის მიხედვით კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტი 3 278 409 ლარით იზრდება, შრომითი ანაზღაურება კი, 2 259 010 ლარით. საერთო ჯამში, კომუნიკაციების კომისიის ბიუჯეტმა 15 252 000 ლარი უნდა შეადგინოს, რაც შეეხება ანაზღაურებას 2021 წლისთვის, ამისთვის 7 782 020 ლარის გამოყოფა იგეგმება.

ორგანიზაცია “მედიის უფლებები”, არასამთავრობო ორგანიზაცია “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას აკვირდება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია 2021 წლის 27 მაისდან 4 ივნისის საანგარიშო პერიოდში კიდევ ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას:

  • კომუნიკაციების კომისია დადებით კონტექსტში წარმოაჩენს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს (დროებითი მმართველის დანიშვნა). თუმცა, მოგვიანებით, ამ ცვლილებების შესახებ უარყოფითი დასკვნები დაიწერა როგორც საერთაშორისო დონეზე – ვენეციის კომისიის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები, ასევე ადგილობრივ დონეზე – საქართველოს სახალხო დამცველის, სამოქალაქო სექტორის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენელთა ნეგატიური შეფასებები;
  • კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშით არ არის წარმოდგენილი მედიაკრიტიკის პლატფორმასთან დაკავშირებული სრული სურათი. კერძოდ, “მედიაკრიტიკის” პლატფორმის შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაჟღერებული კრიტიკული შეფასებები. ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” “შემაშფოთებელ ტენდენციას“ უწოდებს კომუნიკაციების კომისიის მცდელობას, „ჩაერიოს მედიის საქმიანობაში“: “[მარეგულირებლის] პრეროგატივები ნელ-ნელა გაიზარდა და მიიწევს კონტროლისა და ცენზურისკენ”.ანგარიშში საუბარია კომუნიკაციის კომისიის პლატფორმა „მედიაკრიტიკაზე“, რომელიც „ამოწმებს მედიის შინაარსს და ცდილობს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციას“.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ მედიააკადემიის დაფინანსება 746 196 ლარით იზრდება და, საერთო ჯამში, 2 464 033 ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი