ახალი ამბები

ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს — სერგეენკო

7 ივნისი, 2021 • 1237
ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს — სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა მისთვის აზრის გამოთქმა არავის აუკრძალავს. ასე გამოეხმაურა ის ივანიშვილის მიერ დღეს, 7 ივნისს გავრცელებულ წერილს. ივანიშვილი იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა.

სერგეენკოს განმარტებით, ივანიშვილის მიერ განცხადების გავრცელება იმ “მოარულმა ხმებმა” გამოიწვია, რომლის თანახმადაც, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია ივანიშვილის პროექტია.

“მართალია, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მაგრამ მისთვის საკუთარი აზრის გამოთქმა არავის არ აუკრძალავს. რადგამ ირიბად მასთან იყო დაკავშირებული ის მოარული ხმები, რომ თითქოს ეს[გიორგი გახარიას პარტია] მის მიერ მართული პოლიტიკური ძალა იყო, ამასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და ძალიან ცალსახად და, მე ვიტყოდი, ძალიან ხისტად გაემიჯნა. იმიტომ, რომ ის დეფინიციები, რაც მან გამოიყენა, რომ ეს[გახარიას გადადგომა] არის პარტიის და ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, ხისტი გამოთქმა არის. მე ვფიქრობ, გიორგი გახარიას ექნება იმის შესაძლებლობა, დაასაბუთოს თავის პოზიცია. თუმცა განცხადება ძალიან ცალსახა იყო და წყალგამყოფი გაატარა მოვლენებს შორის”, – განაცხადა სერგეენკომ.

“ქართული ოცნების” ყოფილმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან ირწმუნება, რომ პოლიტიკიდან წავიდა, დღეს, 7 ივნისს, წერილი გაავრცელა, რომელშიც გიორგი გახარიას მოღალატეს უწოდებს.

ივანიშვილის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა გიორგი გახარიამ და თქვა, რომ “სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს”.

სერგეენკოს თქმით, გახარიას განცხადება იმაზე მიანიშნებს, რომ “წინასაარჩევნო ტემპერატურა მატულობს”.

“გახარიას პარტიის გადასაწყვეტია, რა ნაბიჯებს გადადგამენ. თუმცა, ჩემი აზრით, პირველი პრიორიტეტი მათთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო პროგრამული ხედვის ჩამოყალიბება, რომლითაც საზოგადოებას წარმოდგენა შეექმნება, როგორი არის მათი ხედვა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი