ახალი ამბები

მხარეებს შორის მედიაცია უახლოეს დღეებში დაიწყება – თურნავა ნამახვანჰესზე

7 ივნისი, 2021 • 875
მხარეებს შორის მედიაცია უახლოეს დღეებში დაიწყება – თურნავა ნამახვანჰესზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი “მზადაა, ხელი შეუწყოს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას”.

“ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ასეთ მსხვილ ინვესტორთან, აქაც იყო ჩამოსული, მე პირადად მაქვს ძალიან ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება და აქედან გამომდინარე, ისინი მზად არიან, [ინვესტორები] რომ მაქსიმალურად შეუწყონ ხელი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევას, მით უფრო, რომ უკვე წავიდნენ საკმაოდ მნიშვნელოვან კომპრომისებზე, მათ შორის კაშხლის მშენებლობის გადაწევა, ხეობის განვითარების ფონდი შექმნა, ყველა კვლევის გახსნა”, – განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარდა ექსპერტებთან შეხვედრა, სადაც 15-მდე ორგანიზაციამ, სამომავლო შესწავლისა და შეფასების მიზნით, გაითხოვა ყველა კვლევა. თურნავას განცხადებით, ამ ორგანიზაციების შეფასებები შესაძლოა გადაეგზავნოს კომპანიას, რათა გაითვალისწინოს ან მოამზადოს საკუთარი კონტრარგუმენტები.

2021 წლის 28 მაისს ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის მიერ ნათია თურნავას სახელზე გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ ენერგეტიკული გაერთიანება იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წლის 7 ივნისის კვირაში გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები სახელმწიფოს, მშენებლი კომპანიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის “რიონის ხეობის მცველებს”, შორის.

ენერგეტიკული გაერთიანების ცნობით, შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი იქნება განხილული, “ნამახვანჰესის პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაების გაგრძელება მედიაციის პროცესის პარალელურად და სიტუაცია რიონის ხეობაში”.

ენერგეტიკულმა გაერთიანებამ, რომლის მთავარი მიზანია ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის და ბაზრის პრინციპების გავრცელება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში, ნამახვანჰესთან დაკავშირებით საქართველოში მედიატორად დირკ ბუშლე გამოგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი