ახალი ამბები

ლიდერმა დაგვყარა და მიგვატოვა — წულუკიანი გახარიაზე

7 ივნისი, 2021 • 851
ლიდერმა დაგვყარა და მიგვატოვა — წულუკიანი გახარიაზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრემიერ გახარიაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ გიორგი გახარიას მიერ “ქართული ოცნების” გუნდის დატოვება იმ ფორმით, როგორც მან ეს გააკეთა, სულ მცირე, კანონის ღალატია.

კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ პარტიის ყოფილმა ლიდერმა თანაგუნდელები “მიატოვა” და ღალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინა:

“არამხოლოდ გუნდის წევრებისთვის, საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იყო გიორგი გახარიას ის გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და გადადგა. ხშირად ისიც გვსმენია, რომ ამ გაუგებარ ნაბიჯს საზოგადოება ხსნიდა იმით, რომ ალბათ ეს არის “ქართული ოცნებისვე” პროექტი, სხვა მხრივ ვერავინ ახსნა, რატომ შეიძლებოდა, გუნდის ლიდერს ამგვარი უეცარი გადაწყვეტილება მიეღო.

საქმე წავიდა ისე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა, არაერთი მათგანის ქმედებების შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი თავად ავრცელებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიულ აქტივში, რომ ისინი იყვნენ მხარდაჭერილნი ქართული ოცნების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს იყო სიცრუე, მაგრამ ,როგორც ჩანს, ამგვარმა ქმედებამ მიიყვანა ბიძინა ივანიშვილი იქამდე, რომ ეს პოლიტიკიდან წასული კაცი დღეს ამბობს, რომ მისი სახელის გამოყენება დაუშვებელია”, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მისი თქმით, გახარია “ქართული ოცნების” გუნდის წევრებთან ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით იმავე პოზიციას ახმიანებდა, რაც გუნდის დანარჩენ წევრებს ჰქონდათ და ამბობს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული იყო, კანონი დაეცვა, თუმცა ყველასგან მოულოდნელად პოზიცია შეიცვალა და თანამდებობის დატოვებისას მიზეზად აღნიშნული საკითხი მოიყვანა:

“უცბად მან მიიღო გადაწყვეტილება, შეცვალა ჩვენება და გაგვაოცა ყველა. როგორც ჩანს, გაოცება მარტო ჩვენი არ იყო და ბიძინა ივანიშვილი მის ამ საქციელს ღალატის ტოლ ქმედებად აფასებს და რა ჰქვია ამ საქციელს, თუ არა სწორედ ღალატი, იმედგაცრუება, ვინაიდან მეც დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა ჩვენ დაგვყარა ასე და მიგვატოვა მაშინ, როცა კანონი იყო დასაცავი. შესაბამისად, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. როდესაც არის რთული გადაწყვეტილება მისაღები, ის უნდა იყოს გუნდის გვერდით. სწორედ ამას ჰქვია ლიდერი.

როდესაც შენ ხარ აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი და კანონის აღსრულებაზე ამბობ უარს, ან სხვა სიტყვებით ამბობ, რომ კანონის აღსრულების გეშინია, მე, როგორც ყოფილი იუსტიციის მინისტრი, გეტყვით, რომ ეს არის კანონის ღალატი სულ მცირე”, – ამბობს წულუკიანი.

კულტურის მინისტრი იზიარებს ივანიშვილის პოზიციას, რომ გახარიას პარტიის მიზანი “ქართული ოცნებისთვის” ხმების წართმევაა, თუმცა წულუკიანი აცხადებს, რომ “ბრძოლის დროც დადგება”:

“ბიძინა ივანიშვილი ამბობს განცხადებაში, რომ გახარიას პარტია უნდა იყოს, ალბათ გახარიას თვალშიც ასეა და ასე ვხედავთ ჩვენც, შექმნილი იმისთვის, რომ როგორმე ქართულ ოცნებას თუნდაც მცირე ოდენობის ხმები წაართვას, მაგრამ ბრძოლის დროც დადგება და ყველანი მივალთ საარჩევნო ურნებთან”, – ამბობს თეა წულუკიანი.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

 

მასალების გადაბეჭდვის წესი