ახალი ამბები

რა სჭირდება და რა აზიანებთ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს — ინტერვიუ მაია ცირამუასთან

7 ივნისი, 2021 • 1357
რა სჭირდება და რა აზიანებთ ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებს — ინტერვიუ მაია ცირამუასთან

უკვე რამდენიმე დღეა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, სამოქალაქო სექტორის, უფლებადამცველებისა და სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნების შემდეგ, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები გამოჰყავს.

თუმცა სპეციალისტები, მათ შორის, ბავშვთა ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მიიჩნევენ, რომ ბავშვების გამოყვანა მათი კეთილდღეობისთვის არასაკმარისია. ბავშვებს ახლა მრავალმხრივი დახმარება სჭირდებათ, მათ შორის, ფსიქოლოგიური.

რა სჭირდებათ ნინოწმინდიდან გამოყვანილ ბავშვებს? როგორი უნდა იყოს მათთან კომუნიკაცია? რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ ბავშვების კეთილდღეობისთვის? — ეს და სხვა კითხვები ნეტგაზეთმა ბავშვთა ფსიქოლოგს, მაია ცირამუას დაუსვა.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, რა ტიპის დახმარება შეიძლება სჭირდებოდეთ პანსიონიდან ახლა გამოყვანილ და იქ დარჩენილ ბავშვებზე?

პირველი უსაფრთხოების საჭიროებაა. ბავშვებისათვის ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. გარემო, სადაც ბავშვებს გადაიყვანენ, უნდა იყოს წინასწარ შესწავლილი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ამ პროცედურისთვის ბავშვის მომზადება. არსებობს „პოსტინსტიტუციონალური კრიზისი“, როდესაც ინსტიტუციიდან გაჰყავთ ადამიანი, ამ დროს თავს იჩენს ხოლმე შფოთვა, უძილობა, ადაპტაციური დარღვევები, ქცევითი ან ემოციური პრობლემების მთელი სპექტრი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი მომზადდეს და მომზადდეს ის გარემოც, სადაც ბავშვებს გადაიყვანენ.

ეს მომზადება რას გულისხმობს?ფსიქოლოგთან საუბარს?

არ არის აუცილებელი, ეს იყოს ფსიქოლოგი. შესაძლოა იყოს ადამიანი, ვის მიმართაც ბავშვი ნდობითაა გამსჭვალული.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის სპეციალისტის ჩარევა იწყებოდეს “ნდობის ხიდის” აშენებით. ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ახლა ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, ერთი მხრივ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მეორე მხრივ კი, არ უნდა ავჩქარდეთ, არ გადავდგათ სპონტანური ნაბიჯები. ეს დიდი გამოწვევაა ყველასთვის. ამიტომ უკვე უნდა არსებობდეს კრიზისის დაძლევის გეგმა, სადაც ყველა რისკი იქნება გათვლილი, ბავშვზე მორგებული.

ახალ გარემოში გადასვლა, იქ ცხოვრების პირველი ეტაპი მოსალოდნელია, რომ პრობლემებით იქნება სავსე. ადაპტაციას დრო სჭირდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესის ფასილიტაციაც ხდებოდეს. მხარდამჭერი შეხვედრები ბავშვებთან და, ამავდროულად, იმ გარემოს მხარდაჭერაც, სადაც ეს ბავშვები შედიან. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მე არ ვიცი, ამას რა რესურსი შეიძლება ეყოს.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია კიდევ ერთი სტრეს ფაქტორიც. გარემოს შეცვლის გარდა, თანატოლებთან განშორების ტკივილიც. გადაყვანას ალბათ თან სდევს უკვე არსებული სოციალური კავშირების რღვევა, ჩამოყალიბებული ემოციური კავშირები, ამიტომ ამ ბავშვების დაცალკევება სარისკოა და მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთ გარემოში, დავუშვათ, ერთ საოჯახო ტიპის სახლში მოხვდნენ. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ დანაკარგით გამოწვეული მდგომარეობა.

ეს ბავშვები ახლა დიდი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში არიან, მათთან მიდიან, მათ ვიდეოებს აქვეყნებენ და ა.შ. რამდენად დამაზიანებელია ეს მათთვის?

ძალიან დამაზიანებელი შეიძლება იყოს. ნებისმიერი მასალის მომზადებისას ჟურნალისტმა კარგად უნდა გააანალიზოს, რა დევს მისთვის სასწორზე — მოპოვებული ინფორმაცია თუ ბავშვის ემოციური მდგომარეობა.

დიდ ინსტიტუციაში ცხოვრება საზიანოა, ეს ცნობილი ფაქტია და ამის შესახებ ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, სადაც არსებობს ვარაუდები, ეჭვი, ყოფილი აღსაზრდელების ისტორიები, რომელიც მიანიშნებს, რომ შესაძლოა საკმაოდ მძიმე ტრავმულ ისტორიებთან გვქონდე საქმე. მაგრამ ჩვენ, ყველამ ერთად, რა გარემო შევქმენით “გარეთ” ამ ბავშვებისთვის?! თითოეული ჩვენგანი როგორ იქცევა – იქნება ეს სახელმწიფო მოხელე, სასულიერო პირი, სოციალური ქსელის მომხმარებელი თუ ჟურნალისტი?!

მე, როგორც მოქალაქეს, მაყურებელსა თუ მკითხველს ნამდვილად არ მჭირდება ბავშვის ჩაგვრის, მასზე ემოციური ზეწოლის ფონზე მოპოვებული მასალა და ინფორმაცია. დავფიქრდეთ, ამ ბავშვებს კიდევ უფრო მეტად ხომ არ ვაზიანებთ?! მათ სტიგმატიზებას ხელს ხომ არ ვუწყობთ?!

რამდენად ობიექტურია ინფორმაცია, რომელსაც კრიზისში, სტრესში მყოფი ბავშვისგან მოვიპოვებთ?! ერთი მხრივ, საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ ბავშვი არის ემოციური თუ ფიზიკური ტერორის ქვეშ და მე იმავეს ვაკეთებ. არ მესმის, რატომ იქცევიან ჟურნალისტები ასე და იმედია, ეთიკის ქარტია თავისი პოზიციას გამოხატავს ამ საკითხთან მიმართებაში. მგონია, რომ ჟურნალისტების ინტერესი არ უნდა იყოს ბავშვის წნეხის ხარჯზე მოპოვებული მასალა.

ამის საპირწონედ, როგორი უნდა იყოს ბავშვებთან კომუნიკაცია?

მე ვიტყოდი, რომ საერთოდ ჟურნალისტებმა და ყველა სხვა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს: ეს ბავშვები გამოდიან კრიზისული სიტუაციიდან, ასევე, კრიზისულ გარემოში. მათ ადგილას თავს შევიკავებდი და ამ საქმეს სპეციალისტებს მივანდობდი. ასეთი დამოკიდებულებით, ფაქტობრივად, იმავე სიტუაციაში ვაგდებთ, რა სიტუაციაც ვიხილეთ ე.წ. ლაივის [იგულისხმება მთავარეპისკოპოსი სპირიდონის პირდაპირი ეთერი ფეისბუკზე] დროს. გინდ იყოს სახე „დაბლარული“, გინდ ხმა შეცვლილი – ამას მნიშვნელობა არ აქვს. წინა პლანზე ბავშვის იდენტიფიცირების საკითხი კი არა, ბავშვის რეტრავმირების, ბავშვზე ემოციური ზეწოლის, ბავშვის კიდევ ერთხელ დაზიანების რისკია.

ნახეთ, როგორი დილემა ან შინაგანი კონფლიქტი შეიძლება ჰქონდეს ბავშვს – მას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული სურვილი ილაპარაკოს გადატანილ ტრავმაზე, ამავდროულად, შეიძლება ჰქონდეს გარკვეული „შეკვეთა“ – არ ილაპარაკოს. თავად ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მორალური დილემა – როგორ ილაპარაკოს იმ ადამიანებზე, რომლებმაც მისცეს თავშესაფარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მასზე ძალადობდნენ, არის ასეთი მომენტიც. ძალიან ბევრი შინაგანი კონფლიქტი, დაძაბული ემოციური მდგომარეობა, დილემა აქვს ბავშვს ამ შემთხვევაში და სპეციალისტი, რომელიც მასთან იმუშავებს, პირველ რიგში, უნდა იყოს ამაზე კონცენტრირებული.

ეს ფაქიზი სამუშაოა! ეს იქნება ჟურნალისტი, სოციალური მუშაკი თუ ფსიქოლოგი.. ვერც ერთ ბავშვს ვერ ექნება დაცულობის განცდა, როდესაც მისი ნათქვამი, თუნდაც „დაბლარული“ კადრით, მისი ხმა გაისმის. ბავშვების ხმა ჩვენ სხვანაირად უნდა გავიგონოთ და არა – ასეთი ფორმით. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ყველაფერი, რამაც ბავშვის დაზიანების რისკი შეიძლება გაზარდოს. მიუღებელი იყო, როდესაც პარლამენტის წევრი მივიდა პანსიონში ბავშვებთან სამუშაოდ და ამ დროს ჩვენ არ ვიცით, აქვს თუ არა მას სპეციალიზაცია, გამოიკითხოს ბავშვი. ჩვენი კანონმდებლობით აუცილებელია ასეთ პროცესში ჩაერთონ ადამიანები, რომლებსაც სპეციალური გადამზადება აქვთ გავლილი.

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ამ ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და უკვე გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეაფასებდით?

ერთი მხრივ, ძალიან გაბრაზებული ვარ, როგორც მოქალაქე, ამ ფაქტის გამო, რაც ამ კონკრეტულ და მსგავს დიდი ზომის ინსტიტუციებს უკავშირდება და ვთვლი, რომ ეს თავიდან ბოლომდე არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ფაქტობრივად, სახელმწიფომ ეს ბავშვები დიდი ხნის მანძილზე მიატოვა დახურულ სისტემაში და არც კი მოიკითხა. დათვლილიც კი არ არის მათი ზუსტი რაოდენობა, დღეს ვიგებთ, რომ პირადობის დამადასტურებელი საბუთებიც კი არ აქვთ და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ეს ბავშვები არიან უგულებელყოფის მსხვერპლი. სახელმწიფოს მხრიდან ეს იყო ნებადართული ძალადობა.

მე ახლა ვის მიმართაც ვარ ემპათიით გამსჭვალული, ეს არიან სოციალური მუშაკები, რომლებსაც უზარმაზარი, ძალიან რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ვიცი, რომ მათი რიცხვი სისტემაში არის ძალიან ცოტა და თითოეულ მათგანს აქვს თავისი ყოველდღიური საქმე, მათ უამრავი, ზოგჯერ 200-300 სერვისით მოსარგებლე პირი ჰყავთ და ამას ემატება ასეთ სტრესულ სიტუაციაში მუშაობა.

მე მაქვს განცდა, რომ სახელმწიფო ძალიან ქაოსურად, არათანმიმდევრულად მოქმედებს და ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ, თითქმის ყველა ავტორიტეტულმა, ყველა ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ბავშვებისთვის სერვისის მიმწოდებელმა ორგანიზაციამ გაუგზავნა სახელმწიფოს შეტყობინება – თუ როგორ ხედავენ ისინი ამ პროცესს, ეს არის თანამშრომლობის შეთავაზებაც.

“პანსიონში ვითარება უკიდურესად საგანგაშოა” — ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხედვა

თუმცა განცხადების ადრესატისგან პასუხი არ არის. განცხადებაზე ხელმომწერთა შორის არის უამრავი კლინიცისტი, აკადემიურ სფეროში მომუშავე სპეციალისტი, სერიოზული კლინიკური გამოცდილების მქონე პირები- მათ შორის, არიან ნევროლოგები, სოციალური მუშაკები, ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, იურისტები, პედაგოგები – მიმართვაში არის კიდეც ნათქვამი, რომ შეიქმნას მულტიდისციპლინური ჯგუფი, მულტისექტორული თანამშრომლობის ერთგვარი მოდელი.

რაც შეეხება ინიციატივას, მულტიდისციპლინური საკონსულტაციო ჯგუფზე – რომ განავრცოთ, რას გულისხმობთ, რა უნდა იყოს ჯგუფის გეგმა და მიზანი?

ამ ჯგუფის მიზანი უნდა იყოს პირველ რიგში ბავშვების ინსტიტუციიდან უმტკივნეულო გამოყვანა,არაქაოსურად და იმ პრინციპების დაცვით, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, გადაყვანის შემდეგ ადაპტაციაში დახმარება, მთელი ამ პროცესის სწორად გააზრება და დაგეგმვა… ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ამ ბავშვის მდგომარეობის შესწავლა ყველა თვალსაზრისით, ბავშვების მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებაზეა აქ საუბარი, მათი საჭიროებების დადგენა და შესაბამისად მათი შესაბამის სერვისებში ჩართვა, რომელიც არ აქვს სახელმწიფოს და იქნებ ამდენმა ორგანიზაციამ ერთობლივი ძალისხმევით ეს შეძლოს?!

საბოლოოდ, ის, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მოხდა და ხდება არის სერიოზული
სიმპტომი და კარგად აჩვენებს როგორია სახელმწიფოში ბავშვისადმი დამოკიდებულება, მისი უფლებრივი მდგომარეობა და ზოგადად აქ ჩანს სისტემური პრობლემების მთელი სპექტრი. ზოგადად კონცეპტუალურად კარგადაა გასააზრებელი როგორ დავძლიოთ ყველაზე დიდი პრობლემა – სიღარიბე! რამდენად იაზრებს თითოეული ჩვენგანი, რომ ყველა პრობლემა – სოციალური, ეკონომიკური, განათლების, ჯანმრთელობის, გაზრდილი კრიმინალის და ა.შ. სიღარიბეს უკავშირდება …


რა ხდება ნინოწმინდაში?

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას, პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. ასევე ტელეკომპანია „ობიექტივი“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილება

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 ივნისს თქვა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ორგანიზაციამ 4 ივნისს მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. მოსამართლემ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას.

მხოლოდ შშმ ბავშვებზე მითითება – „ტექნიკური საკითხი“

მოსამართლე წერს, რომ PHR-ის შუამდგომლობა „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს“ და ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს დაევალოს, სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში „ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე“ გადაიყვანოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. შუამდგომლობა სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ანა არგანიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ვინაიდან PHR-ი არის „სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის“, შესაბამისად, პანსიონიდან ყველა ბავშვი უნდა გაიყვანონ.

ანა აბაშიძემაც განმარტა, რომ კანონმდებლობის, კერძოდ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის საფუძველზე, სარჩელის აღძვრის უფლება PHR-ს მხოლოდ შშმ ბავშვებთან დაკავშრებით ჰქონდა და ტექნიკურად ვერ იქნებოდა უფლებამოსილი მოსარჩელე სხვა ბავშვებთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლეს განჩინებაში არ დაუზუსტებია, რომ მხოლოდ შშმ ბავშვებთან მიმართებაში ხედავს დატოვების რისკს.

„თუ სახელმწიფო გაბედავს და ამ ტექნიკურ ნაწილს გამოიყენებს იმგვარად, რომ ზოგიერთ ბავშვს გაიყვანს საფრთხის შემცველი გარემოდან და ზოგიერთს დატოვებს მარტო იმის გამო, რომ შშმ პირის სტატუსი არ გააჩნია, ეს იქნება ბავშვების დატოვება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში, რაც ახალი სარჩელის საფუძველი იქნება“, – განაცხადა აბაშიძემ.

სად უნდა გაიყვანონ ბავშვები?

ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის განმარტებით, ბავშვები „უნდა განთავსდნენ ისეთ ფორმაში, რომელიც მათ საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“:

„ასეთი ალტერნატიული ფორმები არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და რეინტეგრაცია, ანუ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება“.

ადვოკატის თანახმად, სახელმწიფოს მთავარი მიზანი უნდა იყოს, „სადაც შესაძლებელია, პირველ რიგში, განიხილოს ამ ბავშვების ბიოლოგიურ მშობლებთან დაბრუნება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილოს სხვა ფორმებში ბავშვების გადაყვანა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი