ახალი ამბები

გახარიასთან თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც მიუღებელი იქნებოდა — ივანიშვილი

7 ივნისი, 2021 • 1636
გახარიასთან თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც მიუღებელი იქნებოდა — ივანიშვილი

“ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ფსევდოპარტიების შექმნა მისი ხელწერა არასოდეს ყოფილა. გარდა ამისა, როგორც ის ირწმუნება, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა მისთვის ისედაც მიუღებელი იქნებოდა. ამის შესახებ ივანიშვილი დღეს, 7 ივნისს გავრცელებულ წერილში წერს.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს”, — აცხადებს ივანიშვილი, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში თქვა, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი