ახალი ამბები

ჩემი წასვლით „ოცნებამ“ პიროვნების კულტი დაასრულა – ივანიშვილი

7 ივნისი, 2021 • 1056
ჩემი წასვლით „ოცნებამ“ პიროვნების კულტი დაასრულა – ივანიშვილი

ექსპერმიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მისი წასვლით „ქართულმა ოცნებამ“ პიროვნების კულტის მანკიერი ტრადიცია დაასრულა.

ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა, 7 ივნისს ახალი წერილი გაავრცელა, სადაც გიორგი გახარიას აკრიტიკებს [წერილის ავთენტურობა „ნეტგაზეტს“ ივანიშვილის დაარსებულ „ქართუ ფონდში“ დაუდასტურეს].

ივანიშვილმა გახარიას პრემიერობიდან გადადგომას „გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი“ უწოდა და თქვა, რომ გახარიას პარტიას „არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი“, საპირწონედ კი „ქართული ოცნება“ მოიტანა:

„მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს“, – წერს ივანიშვილი.

ამ თვალსაზრისით,  „ქართული ოცნების“ სრულ ანტიპოდად, ანუ რადიკალურად განსხვავებულად, „ნაციონალური მოძრაობა“ დაასახელა, რომელიც, ივანიშვილის შეფასებით, „თავიდან ბოლომდე მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული“.

„საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება“, – წერს ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე.

„ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა“, – წერს იგი.

გუნდთან ვერ მივაღწიე შეთანხმებას – გახარია პოსტის დატოვებას მელიას დაპატიმრების თემით ხსნის

მასალების გადაბეჭდვის წესი