ახალი ამბები

მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული ტურისტები იპოვეს

6 ივნისი, 2021 • 1255
მაშველებმა აბასთუმანში დაკარგული ტურისტები იპოვეს

მეხანძრე-მაშველებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა აბასთუმანში დაკარგული ტურისტული ჯგუფის წევრები იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, შსს-ში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც 7 ახალგაზრდა მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი აბასთუმნის ტყე-პარკში რამდენიმე დღის წინ წავიდა, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა და საჭირო იყო მაშველების დახმარება.

“ტურისტული ჯგუფის ადგილსამყოფელის დასადგენად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები აბასთუმნის ტყის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებმა დაიწყეს.

ოპერაციის ფარგლებში, მაშველებმა დაათვალიერეს ობსერვატორიის, ნასაბაჯვარის მთის, წყალსადენის და ზეკარის უღელტეხილის ტერიტორიები.

უწყვეტი სამაშველო-საძიებო ოპერაციის შედეგად, ტურისტული ჯგუფი ნაპოვნია უვნებლად. ამ დროისთვის მიმდინარეობს მათი ჩამოყვანა უსაფრთხო ადგილას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში  50-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით იყო ჩართული. ასევე, პროცესში მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერთა ჯგუფი და პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

მასალების გადაბეჭდვის წესი