ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ინფორმაციის გაცვლაა საჭირო – კლაარი ყარაბაღში 3 პირის ნაღმზე აფეთქებაზე

5 ივნისი, 2021 • 1032
ინფორმაციის გაცვლაა საჭირო – კლაარი ყარაბაღში 3 პირის ნაღმზე აფეთქებაზე

ტოივო კლაარი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთი კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ყარაბაღში აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ნაღმზე აფეთქებას ეხმაურება.

„გუშინ კელბაჯარში აზერბაიჯანის მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალებისა და დაშავების ფაქტები დაფიქსირდა. ეფექტური განაღმვითი სამუშაოებისთვის მნიშვნელოვანია, სრულად მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, რათა თავიდან ავირიდოთ შემდეგი ტრაგედიები“.

„სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყველაფერი უნდა იღონონ, რათა გადაჭრან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხები, მათ შორის ტყვეთა გათავისუფლება“, – წერს იგი.

ქელბაჯარის რაიონში 4 ივნისს ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე სამხედრო სატვირთო მანქანა აფეთქდა.

მასში იმყოფებოდნენ გადაღებაზე წასული ორი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელეკომპანია AzTV-ისა და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო «Аzertag”-ის თანამშრომლები და ქელბაჯარის რაიონის ადგილობრივი სამსახურის თანამშრომელი. სამივე მათგანი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ ერევანს ამ დრომდე არ გადაუცია ბაქოსთვის დანაღმული ტერიტორიების რუკა.

ბაქოს ცნობითვე, ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბრიდან დღემდე, ყარაბაღის დანაღმულ ტერიტორიებზე 22 სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ყარაბაღში დანაღმულ ველზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტები დაიღუპნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი