ახალი ამბები

მზად ვართ შუქრუთელებს დავეხმაროთ – სახაზინო ადვოკატები

5 ივნისი, 2021 • 937
მზად ვართ შუქრუთელებს დავეხმაროთ – სახაზინო ადვოკატები

სახელმწიფო ორგანიზაცია, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც მოწყვლად ბენეფიციარებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევს, აცხადებს, რომ მზად არის, მოშიმშილე შუქრუთელებს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.

„იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რამდენჯერმე შევხვდით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შეუქრუთის მოსახლეობას, რომლებიც საპროტესტო აქციას თბილისში მართავენ და შევთავაზეთ მათ უფასო სამართლებრივი დახმარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად“, – წერია სამსახურის პრესცენტრის მიერ 5 ივნისს გავრცელებულ პრესრელიზში.

„სამსახური კვლავ მზად არის აქციის მონაწილეებს გაუწიოს კვალიფიციური დახმარება და დაიცვას მათი ინტერესები ყველგან – კერძო თუ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის საკითხებში“, – წერს „იურიდიული დახმარების სამსახური“.

კვირას, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში, ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრები ადამიანების მხარდასაჭერად აქცია იგეგმება.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია, აპროტესტებენ. თითქმის ერთი კვირაა, ისინი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ, 4 ივნისს კი მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე თორნიკე ლაბაძე ეუბნება „ნეტგაზეთს“, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობაა. მისი თქმითვე, მოშიმშილეები ძალიან დასუსტებულები არიან და “კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას, არავინ იცის”.

„შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა“, – მიმართავენ 6 ივნისის აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს.

აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC) და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“.

ვრცლად:

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი