ახალი ამბები

მხარდაჭერას ვუცხადებთ შუქრუთელ მოშიმშილეებს – ხოშტარიას მოძრაობა „დროა“

5 ივნისი, 2021 • 1021
მხარდაჭერას ვუცხადებთ შუქრუთელ მოშიმშილეებს – ხოშტარიას მოძრაობა „დროა“

ელენე ხოშტარიას პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ აცხადებს, რომ მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს შუქრუთელ მოშიმშილეებს.

„პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, პუშკინის სკვერში დაგეგმილ აქციას შეუერთდება“, – იუწყება მოძრაობის პრეს-ცენტრი.

კვირას, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში, ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრები ადამიანების მხარდასაჭერად აქცია იგეგმება.

აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC) და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია, აპროტესტებენ. თითქმის ერთი კვირაა, ისინი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ, 4 ივნისს კი მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე თორნიკე ლაბაძე ეუბნება „ნეტგაზეთს“, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობაა. მისი თქმითვე, მოშიმშილეები ძალიან დასუსტებულები არიან და “კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას, არავინ იცის”.

„შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა“, – მიმართავენ 6 ივნისის აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს.

შუქრუთელი მოშიმშილეების მხარდასაჭერად თბილისში კვირას აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი