ახალი ამბები

დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება კობახიძის კომენტარებზე – ქემოკლიძე

5 ივნისი, 2021 • 1517
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება კობახიძის კომენტარებზე – ქემოკლიძე

გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ პარტია მოითხოვს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება.

ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრებმა 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე 1 დღით ადრე, კიევიდან მიიღეს მიიღეს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი სარფიდან საქართველოში შემოსვლას და „ალტერნატიული მთავრობის შექმნას“ გეგმავდა, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გახარიას პოზიციის მოულოდნელი ცვლილება ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.

კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებული ინფორმაცია სააკაშვილის გეგმებზე პრემიერ გიორგი გახარიას მაშინ არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ. „ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით [მელიას დაკავების] ოპერაციის გადადებას“.

ქემოკლიძემ 5 ივნისს კობახიძის განცხადებებს არაადეკვატური და „პრიმიტიული ტყუილები“ უწოდა და თქვა, რომ ამან „დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხეოფა მიაყენა მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი