ახალი ამბები

შუქრუთელი მოშიმშილეების მხარდასაჭერად თბილისში კვირას აქცია იმართება

5 ივნისი, 2021 • 1277
შუქრუთელი მოშიმშილეების მხარდასაჭერად თბილისში კვირას აქცია იმართება

კვირას, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში, ჭიათურის სოფელ შუქრუთში მცხოვრები ადამიანების მხარდასაჭერად აქცია იგეგმება.

შუქრუთელები მანგანუმის მომპოვებელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკვე 100 დღეზე მეტია, აპროტესტებენ. თითქმის ერთი კვირაა, ისინი თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან იმყოფებიან, თითქმის ერთი თვეა, შიმშილობენ, 4 ივნისს კი მათმა ნაწილმა წყლის დალევაზეც უარი განაცხადა და მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე თორნიკე ლაბაძე ეუბნება „ნეტგაზეთს“, პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი უყურადღებობაა. მისი თქმითვე, მოშიმშილეები ძალიან დასუსტებულები არიან და “კიდევ რამდენ ხანს შეძლებენ ასე გაგრძელებას, არავინ იცის”.

„შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა“, – მიმართავენ 6 ივნისის აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს.

აქციის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC) და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“.

ვრცლად შუქრუთელების პროტესტის შესახებ:

ამოკერილი პირებით აშშ-ის საელჩოსთან — რამ აიძულა შუქრუთელებს მსგავსი პროტესტი

მასალების გადაბეჭდვის წესი