ახალი ამბები

დაუშვებელია, ზრუნვაში მყოფი ბავშვები მსგავს სტრესს განიცდიდნენ — ომბუდსმენი ნინოწმინდის ვიდეოებზე

4 ივნისი, 2021 • 971
დაუშვებელია, ზრუნვაში მყოფი ბავშვები მსგავს სტრესს განიცდიდნენ — ომბუდსმენი ნინოწმინდის ვიდეოებზე

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს, სადაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს, აქვთ თუ არა სურვილი, დატოვონ დაწესებულება.

სახალხო დამცველის შეფასებით, გავრცელებული ჩანაწერით თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან და მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ.

“ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი, აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.

დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას”, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი;
  • დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად;
  • უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით.

“ფეისბუკზე” გავრცელებულ ვიდეოებში მთავარეპისკოპოსი სპირიდონი, სოციალური აგენტებთან საუბრისას, ურეკავს ერთ-ერთი ბავშვის მშობელს და ეკითხება, სურს თუ არა, მისი შვილი გადაიყვანონ პანსიონიდან. სხვა ზრდასრულებთან ერთად ეკითხება ბავშვებს, უნდათ თუ არა წასვლა. რამდენიმე ბავშვი გადაღების მიმდინარეობისას ტირის კიდეც, ნაწილი კი წასვლაზე უარს აცხადებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი