ახალი ამბები

რაზე ისაუბრეს “ქართული ოცნების” წევრებმა და ამერიკელმა სენატორებმა

3 ივნისი, 2021 • 972
რაზე ისაუბრეს “ქართული ოცნების” წევრებმა და ამერიკელმა სენატორებმა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია “ქართული ოცნების” წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც სენატორებთან განიხილეს.

როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სენატორებთან მეგობრული შეხვედრა ჰქონდათ. მისი თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას, მათ შორის ხელმოწერის, შემდეგ კი აღსრულების მნიშვნელობას.

“სენატორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული. მათი როლი მნიშვნელოვანი იყო შიდაპოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ სენატორ შაჰინთან შეხვედრა გვქონდა ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ დისკუსიამ, ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არა მარტო ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა”, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტებზე ზოგადად ისაუბრეს და კონკრეტულად არ განუხილავთ.

“შევეხეთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ყველა ასპექტს – ეს იყო საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს – ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე. შესაბამისად, შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს პარტნიორების მხრიდან კრიტიკა არ მოუსმენიათ. მისი თქმით, აშშ-ის სენატორებმა გამოთქვეს სურვილი, რომ შეთანხმებას ყველა მხარე გულისხმიერებით მოეკიდება.

სამ ძირითად საკითზე ვისაუბრეთ. პირველი საკითხი არის საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ამ  გზაზე აშშ-ის უფრო მეტი მხარდაჭერა, უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის შავ ზღვაზე უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით. ჩვენ ამერიკელი სენატორებისგან მივიღეთ უპირობო მხარდაჭერა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

მეორე საკითხი, რომელზეც ვისაუბრეთ, ეს იყო ვაქცინების საკითხი, მე პირადად დავაყენე სენატორებთან. ვიცით, რომ ვაქცინის 80 მილიონი დოზის გადაცემას აპირებს აშშ და მე გამოვთქვი რწმენა, რომ საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი, იქნება იმ პრიორიტეტული ქვეყნების სიაში, რომელიც მიიიღებს ამ ვაქცინას.

მესამე საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, იყო შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების დინამიკა, ჩვენ დეტალებში არ ჩავსულვართ. უბრალოდ, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ ხელშეკრულების ყველა პუნქტის შესრულება არის მნიშვლოვანი”, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკური პარტია – ოჰაიო) და კრის მერფი (დემოკრატიული პარტია – კონექტიკუტი) აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვას, უკრაინას და საქართველოს ეწვივნენ.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სენატორები სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი