ახალი ამბები

დასავლელი პარტნიორები ჩვენ ნაცვლად ვერ იბრძოლებენ დემოკრატიისთვის — სენატორების გზავნილი NGO-ებს

3 ივნისი, 2021 • 1188
დასავლელი პარტნიორები ჩვენ ნაცვლად ვერ იბრძოლებენ დემოკრატიისთვის — სენატორების გზავნილი NGO-ებს

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საუბარი ძირითადად სასამართლო სისტემას შეეხო.

“ჩემი პირადი პოზიცია იყო, რომ ქვეყნის განვითარება გადის სასამართლოზე. მნიშვნელოვანი რეფორმები რომ არ ჩავატაროთ, რამდენიმე ათეული წლით ვკარგავთ სასამართლო სისტემას. სასამართლოს გარეშე კი ვერც ადამიანის უფლებების დაცვას მოვახერხებთ და ვერც ნორმალურ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ვთქვი, რომ “ოცნება” არ არის მზად, დათმოს სასამართლო სისტემა. ეს არის, ალბათ, ის, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ამასთანავე, საუბარი იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ იბრძოლებენ ჩვენ მაგივრად ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენი დემოკრატიისთვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იბრძოლონ — ეს არის გზავნილი, რაც მივიღეთ. ისინი, რა თქმა უნდა, ამაში დაგვეხმარებიან”, — განაცხადა ეკა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, შეხვედრაზე სისხლის სამართლის კონკრეტული საქმეების განხილვა არ ყოფილა და საუბარი ზოგადად სისტემას შეეხო.

“ესენი არიან იმ ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც ერთ-ერთი პირველი ახსენეს კლანი და ჩვენთან ჰქონდათ კითხვები, როგორ ვხედავთ კლანის ძალაუფლებისაგან სასამართლოს გამოთავისუფლებას. გავაცანით ჩვენი ხედვები. მათ ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა რეკომენდაციები გვექნებოდა მათთან, რომ შემდეგ ხელისუფლებასთან ჰქონოდათ რეკომენდაციები”, — განაცხადა სიმონიშვილმა.

აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი, სენატორი რობ პორტმანი (რესპუბლიკური პარტია – ოჰაიო) და კრის მერფი (დემოკრატიული პარტია – კონექტიკუტი) აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვას, უკრაინას და საქართველოს ეწვივნენ.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სენატორები სამოქალაქო საზოგადოების, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი