ახალი ამბები

ვაშაძე ნამახვანჰესზე ერთ-ერთ გამოსავლად ადგილობრივ პლებისციტს ასახელებს

2 ივნისი, 2021 • 1102
ვაშაძე ნამახვანჰესზე ერთ-ერთ გამოსავლად ადგილობრივ პლებისციტს ასახელებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ „ნამახვანჰესის“ აშენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადგილობრივების ჩართულობით, მათ შორის, პლებისციტის ჩატარებითაც.

“მიგვაჩნია, რომ პრობლემის ფუნდამენტი მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ადგილობრივი ხალხის ინტერესებს, სრულიად ამოვარდნილია ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებისგან. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ან საკრებულომ უნდა მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება მოსახლეობის ჩართულობით, ან ჩატარდეს ადგილობრივი პლებისციტი.

რიონის ხეობისა და ლეჩხუმის თითოეულმა მცხოვრებმა სრულად უნდა მიიღოს ინფორმაცია, რა სარგებლობა მოაქვს ქვეყნისა და კონკრეტულად მათთვის ამ ჰესს, ან რა საფრთხეებს უქმნის. სრულფასოვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს ხელისუფლებაც. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, მზად ვართ, თუ სურვილი იქნება, ჩავერთოთ ამ დიალოგში და მოლაპარაკებებში“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით ვაშაძე აცხადებს, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული ინტერესია და “უპასუხისმგებლო პოპულიზმია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ჰესები არ გვჭირდება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი